მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გომისმთაზე მიწების უკანონოდ დაუფლების ფაქტები გამოვლინდა - სახელმწიფომ 301 530 ლარის ზიანი მიიღო

63da754107f00
BM.GE
01.02.23 18:21
929
საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოავლინა. თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 7 პირს წარედგინა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

"პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს.

რის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე, ჯამში 1 405 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 301 530 ლარის ზიანი მიაყენეს.

ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ.

შვიდივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომელიც დაუბრუნდა სახელმწიფოს.

საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, როგორც დაბა გომისმთაში, ასევე დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

დღემდე, დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 58 პირის მიმართ და სახელმწიფოს 1 921 829 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები