მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Gonadze Vineyards-მა საექსპორტო ბაზრები გააფართოვა – ექსპორტი გაყიდვებში 70%-მდე აღწევს

Gonadze Vineyards

2025 წელს, რაჭაში მდებარე მეღვინეობამ Gonadze Vineyards საექსპორტო ბაზრები გააფართოვა. ამის შესახებ მეღვინეობის თანადამფუძნებელმა, ზვიად გონაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანია ექსპორტს 12 ქვეყანაში ახორციელებს და გაყიდვებში ექსპორტის წილი უმნიშვნელოვანესია : "ექსპორტს 12 ქვეყანაში ვახორციელებთ და მთლიან გაყიდვებში, ექსპორტის წილი 60-70%-ს შეადგენს“, - აცხადებს ზვიად გონაძე.

მისივე თქმით, საექსპორტო მიმართულებით მოთხოვნა მაღალია, განსაკუთრებით ნახევრად ტკბილ ღვინოებზე. ამასთან, ევროპული ბაზრები ფასის მხრივ უფრო მოგებიანია და რუსულ ბაზართან შედარებით დაახლოებით 20%-ით ძვირად იყიდება. საექსპორტო მიმართულების გაფართოების ფარგლებში, კომპანიამ 2025 წელს ახალი ბაზრები. კორეა და იაპონია დაამატა.
„გასულ წელს, პირველად კორეისა და იაპონიის ბაზრები დავიმატეთ, სადაც სატესტოდ თითო პალეტი - დაახლოებით 1 000 ბოთლი ღვინო გავიტანეთ“, - აცხადებს ზვიად გონაძე.

რაც შეეხება კომპანიის მასშტაბებს, Gonadze Vineyards-მა ბიზნესის წარმოება და ვენახების გაშენება 30 წლის წინ დაიწყო და დღეს უკვე 50 ჰექტარზე აქვს ვენახები გაშენებული. მეღვინეობა 9 სახეობის ღვინოს კლასიკური მეთოდით აწარმოებს, მათ შორის ალექსანდროულს, მუჯურეთულს, წულუკიძის თეთრას, რაჭულ მწვანეს და სხვა ადგილობრივ ჯიშებს.

„დღეისათვის, დაახლოებით 250 ტონა ყურძენს ვაწარმოებთ წლიურად, თუმცა საწარმოს ორჯერ მეტის გადამუშავება შეუძლია“, - ამბობს გონაძე.

გაყიდვების დინამიკის შეფასებისას, ზვიად გონაძე აღნიშნავს, რომ 2024 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო, ხოლო 2025 წლის ტენდენციამ მინიმალური ზრდა დააფიქსირა.
„2024 წელს, საკმაოდ მაღალი ზრდა გვქონდა, დაახლოებით 40%. 2025 წელს ზრდა შედარებით მოკრძალებულია და 4-5%-ს შეადგენს, თუმცა ეს სტაბილური ტენდენციაა. 2026 წელს უფრო მაღალ მაჩვენებლებს ველით“, - აცხადებს ის და დასძენს, რომ გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, კომპანია მიმდინარე წელს დიდ ზრდას არ ელოდება, ვინაიდან მსოფლიო ბაზარზე, ღვინის მოხმარება შემცირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები