სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სეს-ის ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე ა. კ.-ის (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის მეოთხე ჩიხი N4) კუთვნილი უზბეკური რესტორანი სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს.
"ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, რესტორანი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი", - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.
დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
























