მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google-ის AI განახლების შემდეგ, კონკურენტი DuckDuckGo-ს გადმოწერები 30%-ით გაიზარდა

duckduckgo
სტატიაში საუბარია:

აშშ-ში DuckDuckGo-ს აპლიკაციის ინსტალაციების რაოდენობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც Google-მა ხელოვნურ ინტელექტზე ფოკუსირებული საძიებო სისტემის მასშტაბური განახლება წარადგინა - ამის შესახებ TechCrunch კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

Google I/O კონფერენციაზე დაანონსდა, რომ ძიების შედეგების ტრადიციული სია ადგილს ეტაპობრივად AI აგენტს დაუთმობს, რომელიც უპასუხებს მოთხოვნებს, შეასრულებს დავალებებს და მონიტორინგისთვის ფონურ ასისტენტებს გაუშვებს.

ამან მომხმარებლებისა და ექსპერტების კრიტიკა გამოიწვია. ისინი ძიების შედეგებზე კონტროლის დაკარგვის, პასუხებში შეცდომებისა და ღია ვებზე (open web) ზეწოლის რისკებს ხედავენ.

ამის საპასუხოდ, კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულმა საძიებო სისტემამ DuckDuckGo აშშ-ში 20-დან 25 მაისამდე პერიოდში ინსტალაციების ზრდა დააფიქსირა (საშუალოდ 18.1%-ით, წინა კვირასთან შედარებით). ეს პოზიტიური ტენდენცია ზედიზედ ექვსი დღე გაგრძელდა და 25 მაისს პიკს - 30.5%-ს მიაღწია.

iOS-ზე მდგომარეობა კიდევ უფრო უკეთესია: ზრდამ წინა კვირასთან შედარებით საშუალოდ 33% შეადგინა და დაახლოებით 69%-იან პიკს მიაღწია.

ასევე გაიზარდა ტრაფიკი გვერდზე noai.duckduckgo.com, სადაც ყველა AI ფუნქცია, მათ შორის პასუხები და გამოსახულების გენერირება, გამორთულია. ამ გვერდზე ვიზიტების რაოდენობამ საშუალოდ 22.7%-ით მოიმატა.

DuckDuckGo-ს აღმასრულებელი დირექტორი გებრიელ ვაინბერგის თქმით, მომხმარებლებს სურთ, თავად გადაწყვიტონ, რამდენად აქტიურად გამოიყენებენ ასეთ ფუნქციებს.

თუმცა, DuckDuckGo ხელოვნურ ინტელექტზე უარს სრულად არ ამბობს. კომპანია მომხმარებლებს Duck.ai-ს სერვისს სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე სთავაზობს. ის წვდომას იძლევა ისეთ მოდელებზე, როგორებიცაა Anthropic, Meta, Mistral და OpenAI.

კომპანია ამტკიცებს, რომ მომხმარებლების IP მისამართები მოთხოვნების მოდელის პროვაიდერებისთვის გაგზავნამდე იფარება, საუბრები 30 დღის განმავლობაში იშლება და არ გამოიყენება AI-ს გასაწვრთნელად.

საძიებო სისტემას ასევე აქვს Search Assist-ი (Google-ის AI პასუხების მსგავსი) და AI გამოსახულების ფილტრი, რომელიც გენერირებულ სურათებს ძიების შედეგებიდან გამორიცხავს.

DuckDuckGo-ს წარმომადგენელმა კამილ ბაზბაზმა აღნიშნა, რომ ეს ფუნქციები პოპულარული რჩება, მაგრამ მომხმარებლებისთვის მთავარი ფაქტორი არჩევანის შესაძლებლობაა.

StatCounter-ის მონაცემებით, აშშ-ის საძიებო ბაზრის დაახლოებით 2%-ს DuckDuckGo ფლობს. კომპანია ადრეც აცხადებდა, რომ Google-ის დომინირებას ხელს ექსკლუზიური შეთანხმებები უწყობს, რომელთა მიხედვითაც ის ბრაუზერებში ძირითად საძიებო სისტემად არის არჩეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები