Google-ის ინფორმაციით, კომპანია დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, ახალი მონაცემთა ცენტრის გახსნისთვის $1 მილიარდიან ინვესტიციას გამოყოფს, რითაც ტექნოლოგიური გიგანტი ბრიტანეთში ინტერნეტსერვისებზე გაზრდილ მოთხოვნას უპასუხებს - ამის შესახებ Euronews წერს.
სამშენებლო სამუშაოები Google-ის მიერ 2020 წელს ჩრდილოეთ ლონდონში შეძენილ მიწაზე უკვე დაწყებულია. გავრცელებულ განცხადებაში Google აცხადებს, რომ 13.5 ჰექტარზე გაშენებულ ცენტრში კომპანია ადგილობრივი თემისათვის სამუშაო ადგილებს შექმნის.
“დასრულების შემდეგ ეს ინვესტიცია დიდ ბრიტანეთში ბიზნესის განვითარებას, AI ინოვაციასა და Google-ის მომხმარებლისთვის საიმედო ციფრული სერვისების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს”, - წერს Google.
პროექტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რაში სუნაკიც გამოეხმაურა და თქვა, რომ Google ბრიტანული ბიზნესების დასახმარებლად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
“Google ჰერტფორდშირში მონაცემთა ცენტრის გახსნისთვის $1 მილიარდიან ინვესტიციას გამოყოფს. ეს დიდი ბრიტანეთისათვის, როგორც ევროპის უდიდესი ტექნოლოგიური ეკონომიკისთვის, ნდობის გამოცხადებას ნიშნავს, ადგილობრივი ბიზნესების მხარდასაჭერად კი საჭირო ინფრასტრუქტურასა და სამუშაო ადგილებს შექმნის”, - წერს პრემიერი.
Google ამჟამად ბრიტანეთში 7 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 2022 წელს ტექნოლოგიურმა გიგანტმა ცენტრალური ლონდონის ტერიტორიაზე არაერთი უძრავი ქონება შეიძინა.