2025 წლის Google I/O კონფერენციამ ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყურადღება მიიქცია, რადგან ამერიკულმა Google-მა საზოგადოებას ახალი პროდუქტები და სერვისები წარუდგინა. ღონისძიების ცენტრში ხელოვნური ინტელექტი - Gemini და Android-ეკოსისტემის განახლება იყო, რაც ყველასათვის მოსალოდნელი იყო.
Gemini AI: ინტელექტუალური ასისტენტის ახალი თაობა
კონფერენციის მთავარი მოვლენა ახალი თაობის Gemini-ის პრეზენტაცია იყო. ეს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელი Google-ის მთელ ეკოსისტემაში ინტეგრირდება, მათ შორის Android Auto, Google TV, Wear OS და ახალ Android XR პლატფორმებში.
ამასთან, Gemini Live ფუნქცია მომხმარებლებს რეალურ დროში თარგმნის, კამერის მონაცემების გაზიარებისა და ეკრანის სტრიმინგის ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
კომპანიამ ასევე წარადგინა Gemini 2.5 Flash და Pro მოდელები, რომლებიც გაუმჯობესებული შესაძლებლობებით, აზროვნების დახვეწილი სისტემით და საფუძვლიანი კვლევის ჩატარების გაზრდილი შესაძლებლობებით გამოირჩევიან.
Google Search-ის ახალი AI-რეჟიმი
Google-მა საძიებო სისტემაში ახალი AI-რეჟიმი დაამატა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კომპლექსურ შეკითხვებზე AI-ის მიერ გენერირებული პასუხები მიიღონ. ეს ფუნქცია Gemini 2.5 მოდელს ეფუძნება და მიზნად ისახავს საძიებო გამოცდილების გაუმჯობესებას. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ Deep Search ფუნქცია, რომელიც აერთიანებს პირად ინფორმაციას, როგორიცაა: Gmail, Drive, Calendar და სხვა, რათა პერსონალიზებული პასუხები მიიღონ.
შეიძლება ითქვას, რომ ეს I/O-კონფერენციის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ბაზარზე AI-მოდელების გამოჩენამ Google Search-ზე მოთხოვნა შეამცირა, რადგან მომხმარებლებს შეკითხვებზე პირდაპირი პასუხების მიღება ურჩევნიათ, ვიდრე უბრალოდ ვებგვერდების მისამართების გაცნობა.
Android 16: დიზაინისა და ფუნქციონალის რევოლუცია
ახალი Android 16 ოპერაციული სისტემა Material 3 დიზაინს ემყარება, რომელიც მომხმარებლებს უფრო პერსონალიზებულ და დინამიკურ ინტერფეისს სთავაზობს. სისტემაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია მრავალფანჯრიანი რეჟიმი და დამატებულია ახალი ფუნქციები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი Linux ტერმინალის ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს Linux-აპლიკაციები პირდაპირ Android მოწყობილობებზე გაუშვან. ამასთან, ახალ Android-ს ექნება დესკტოპ-რეჟიმი და მის ყოველ ძირითად მოდულში სრულად იქნება ინტეგრირებული Gemini AI.
Android XR: გაფართოებული რეალობის მომავალი
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი ახალი თაობის XR-სათვალეების შექმნას აანონსებს, რომელთაც Android XR-ის სახელით ცნობილი ოპერაციული სისტემა ექნებათ. საწყის ეტაპზე, ამ სისტემით Samsung-თან და XReal-თან თანამშრომლობით შექმნილი სათვალეები აღიჭურვებიან, თუმცა მომავალში სისტემა ყველა მწარმოებლისათვის იქნება ხელმისაწვდომი.
სავარაუდოდ, Gemini AI-ის ღრმა ინტეგრაციის წყალობით, Google-ის XR-მოწყობილობები Apple-ის და Meta-ს მიერ შექმნილი XR/VR-სათვალეების ჯობნას შეძლებენ, რადგან Google-ის კონკურენტებს AI-ინტეგრაციის მიმართულებით ჯერაც პრობლემები აქვთ.
Google Beam: სამგანზომილებიანი კომუნიკაცია
Google Beam, რომელიც ადრე Project Starline-ის სახელით იყო ცნობილი, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს განახორციელონ სამგანზომილებიანი ვიდეოზარები. ახალი ტექნოლოგია HP-სთან სტრატეგიული პარტნიორობით ვითარდება და რეალურ დროში თარგმნის ფუნქციასაც უზრუნველყოფს. როგორც Google-ში ამბობენ, Beam-ის დახმარებით დისტანციური მუშაობა გამარტივდება და ოფისში ფიზიკურად ყოფნის საჭიროება უბრალოდ გაქრება.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის 3D-ეკრანის, კამერების, სენსორებისა და სისტემის ერთობლიობა, რომელიც სამგანზომილებიან გამოსახულებას იძლევა და ქმნის ისეთ შეგრძნებას, თითქოს ადამიანი არა ეკრანს მიღმა, არამედ მაყურებლის წინ იყო.
Veo 3 და Flow: ვიდეოს შექმნის ახალი გზა
I/O 2025-ზე ნაჩვენები Veo 3 და Flow წარმოადგენენ ახალ AI-ინსტრუმენტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ამარტივებენ ვიდეოკონტენტის შექმნასა და რედაქტირებას. Veo 3 მომხმარებლებს ტექსტური აღწერილობის საფუძველზე ვიდეოების გენერაციის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო Flow ვიდეოს რედაქტირების პროცესში AI-ს გამოყენების საშუალებას იძლევა. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, Veo 3 ოპერატორების და რეჟისორების, ხოლო Flow მემონტაჟეების ჩანაცვლებას გეგმავს.
საერთო ჯამში, I/O 2025-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე და Google-ში კარგად ესმით, რომ ტრადიციული ხელსაწყოების, მათ შორის Search-ის ხანა დასრულებულია, რადგან ჩვენ უკვე AI-ეპოქაში ვიმყოფებით, რომელშიც Google-ს დომინაციის გაგრძელება სურს.




























