მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google-მა აშშ-ის მიღმა ყველაზე დიდი AI ჰაბის მშენებლობა ინდოეთში დაიწყო - ინვესტიცია $15 მილიარდია

Google-ი და ინდოეთი
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა ინდოეთის ქალაქ ვიზახაპატნამში აშშ-ის ფარგლებს გარეთ ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მასშტაბური ცენტრის მშენებლობა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კომპანია $15 მილიარდის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აღნიშნული ინიციატივა ინდოეთის ციფრული განვითარების პროცესში Google-ის მიერ აღებულ ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებად მიიჩნევა.

ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებს 1 გიგავატის სიმძლავრის მონაცემთა ცენტრს, რომელიც Gemini-სა და Google Search-ის მსგავსი სერვისების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ბიკაშ კოლეიმ, რომელიც Google-ში გლობალური ინფრასტრუქტურის მიმართულებას ხელმძღვანელობს, აღნიშნა, რომ ობიექტი მიზნად სრულფასოვანი AI-ეკოსისტემის შექმნას ისახავს. აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ვიზახაპატნამი ინდოეთსა და სინგაპურს შორის წყალქვეშა ინტერნეტ-კაბელების დამაკავშირებელ ახალ წერტილად იქცევა. შესაბამისად, Google-ის ინდური ინვესტიციით არამარტო თავად ქვეყანა, არამედ მთელი რეგიონიც ისარგებლებს.

აღსანიშნავია, რომ ახალი სტრატეგიული ბოჭკოვანი კაბელი ინდოეთს დანარჩენ მსოფლიოსთან დააკავშირებს და მუმბაისა თუ ჩენაის არსებულ სატრანზიტო გზებს დამატებით ალტერნატივას შესთავაზებს. ანდრა-პრადეშის შტატის ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრმა, ნარა ლოკეშმა განაცხადა, რომ რეგიონი ქვეყნის ყველაზე მოთხოვნად ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბდება. მისი თქმით, ეს პროექტი ინდოეთის ციფრული სისტემის გამძლეობას გაზრდის და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას გააძლიერებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები