პოპულარული ვიდეოთამაშის, Fortnite-ის შემქმნელმა კომპანია Epic Games-მა Google-თან "ყოვლისმომცველ შეთანხმებას" მიაღწია, რითაც შესაძლოა, საბოლოოდ დასრულდეს ხუთწლიანი სამართლებრივი დავა, რომელიც Android აპლიკაციებისთვის განკუთვნილ Google Play Store-ის მიერ ბაზრის მონოპოლიას შეეხებოდა. ამის შესახებ კომპანიათა საერთო სასამართლო განჩინებიდან ხდება ცნობილი.
სან-ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოში წარდგენილი განცხადების თანახმად, Google-მა და Epic Games-მა აღნიშნეს, რომ შეთანხმება "მხარეებს საშუალებას მისცემთ, გვერდზე გადადონ დავები და Android უფრო ცოცხალი და კონკურენტული პლატფორმა გახადონ, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე დეველოპერებისთვის".
Epic Games-მა Google-ის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება ზაფხულში მოიპოვა: ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც Android-ის App Store-ს უკანონო მონოპოლიაში სდებდა ბრალს. ეს გადაწყვეტილება ფედერალური მოსამართლეს საშუალებას აძლევს, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც მომხმარებლებს მეტ არჩევანს მისცემს.
შეთანხმების კონკრეტული პირობები ამ დრომდე დალუქულია და აშშ-ის რაიონულმა მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს.
იგივე მოსამართლის 2024 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილებით, Google-ს დაევალა, დაეშალა ციფრული ბარიერები, რომლებიც Android-ის Play Store-ს კონკურენციისგან იცავდა. განჩინება Google-ს ავალდებულებს, Play Store-ში დაუშვას კონკურენტი აპლიკაციები, რათა მომხმარებლებმა სურვილის შემთხვევაში ისინი თავიანთ მოწყობილობებზე ჩამოტვირთონ.
Epic Games-მა ჯერ კიდევ 2020 წელს შეიტანა სარჩელები Google-ის Play Store-ისა და Apple-ის App Store-ის წინააღმდეგ, რათა თავიდან აეცილებინა მათი ექსკლუზიური გადახდის სისტემები, რომლებიც აპლიკაციაში განხორციელებულ ტრანზაქციებზე 15%-დან 30%-მდე საკომისიოს აკისრებდნენ. წარმოდგენილი შეთანხმების პირობებით, Google-ს ამ საკომისიოების 9%-დან 20%-მდე შემცირება მოუწევს, ტრანზაქციის ტიპის მიხედვით.




























