კომპანია "ინნ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე კოკაიას შეფასებით, კადრების პრობლემა სექტორში ყოველთვის იდგა, თუმცა პანდემიის შემდეგ, როდესაც სასტუმროები და რესტორნები გაიხსნა, დეფიციტი განსაკუთრებით გამძაფრდა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა BMGDRIVE-ში ისაუბრა.
„კადრების პრობლემა სექტორში ყოველთვის იდგა და პანდემიის შემდგომ პერიოდში ძალიან გამძაფრდა. ამ პერიოდში, ძალიან ბევრი სასტუმრო თუ რესტორანი გაიხსნა და ყველგან იყო დეფიციტი, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა.
ბოლო წლების გამოცდილებით, შემიძლია ვთქვა, რომ დასაქმება დამოკიდებულია რეგიონსა და ქალაქზე. სადაც დასახლება ნაკლებია, როგორიცაა ბაკურიანი ან გუდაური, ცხადია იქ უფრო რთულია დასაქმება. ძალიან ბევრი გამოწვევაა ასევე თბილისში, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობაა ქუთაისში ან გორში. გორში საერთოდ სხვა პრობლემა იყო. ჩვენ ვაკანტური ადგილების გამოცხადებაც კი არ დაგვიწყია, ისე მოდიოდა ხალხი ერთმანეთის მიყოლებით, რომ [სასტუმროსთან] დასაქმების მსურველი ადამიანების რიგი იდგა.
აქედან დასკვნა გავაკეთე, რომ არიან ადამიანები, ვისაც დასაქმება სურს, თუმცა ადგილმდებარეობას გააჩნია, რადგან არავის არ უნდა მუშაობა სხვა ქალაქში, რადგან საცხოვრებელია საზრუნავი, ასევე ოჯახი უნდა დატოვონ და ისე წავიდნენ. ამიტომ, როდესაც ჩემს კოლეგებს ვხვდები, ვეუბნები ხოლმე, რომ მაგალითად, გორი არაჩვეულებრივი ადგილია ინვესტორებისთვის, რადგან არის მოსახლეობა“, - ამბობს კოკაია.
მისივე ცნობით, კომპანია ნაკლებადაა კვალიფიციური კადრების აყვანაზე ორიენტირებული, რადგან კადრების დატრენინგებასა და პროფესიის შესწავლას თავად უზრუნველყოფენ.
„მთავარია, რომ მსურველს ის უნარები ჰქონდეს რაც თანამდებობისთვის საჭიროა. იქიდან გამომდინარე, რომ გორში შესაბამისი სტანდარტების სასტუმრო არ იყო, ჩვენ ვერ მოვნახავდით შესაბამისი რაოდენობით პროფესიონალებს, აქედან გამომდინარე, ავირჩიეთ ხალხი, რომლებშიც პოტენციალი დავინახეთ და მინდა გითხრათ, რომ ასეთმა ხალხმა ყველაზე კარგი შედეგები დადო“, - აღნიშნა "ინნ ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა.