გორის სასათბურე მეურნეობას თანამშრომლების მიმართ სახელფასო დავალიანება აქვს. როგორც bm.ge-ს სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულებმა განუცხადეს, უკვე მესამე თვეა შრომის ანაზღაურება არ მიუღიათ, ადმინისტრაცია კი ყოველდღე პირდებათ, რომ დავალიანებას დაფარავს.
აღნიშნულ საკითხზე bm.ge თავად სასათბურე მეურნეობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. კომპანიაში დაადასტურეს, რომ სახელფასო დავალიანებები მართლაც აქვთ, თუმცა, მათი თქმით, საუბარია მხოლოდ მარტის თვის ხელფასზე, „რისი გასტუმრებაც მოხდება უახლოეს დღეებში“.
შპს "გორის სასათბურე მეურნეობა" სოფელ ბერბუკში არსებულ სასათბურე კომპლექსს 2015 წლიდან აღარ მართავს. კომპლექსის მართვაში ბოლო რამდენიმე წელია შესულია კომპანია " სს სტიმორ ასოსიატეს ს.ა. საქართველოში".
„კომპანიამ 2015 წლის შემდგომ გაწია მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებები და დაასაქმა რამდენიმე ათეული ადამიანი. სახელფასო დავალიანება ნამდვილად არსებობს, ოღონდ მხოლოდ მარტის თვის, რისი გასტუმრებაც მოხდება უახლოეს დღეებში”,- აცხადებენ კომპანიაში.
შპს „გორის სასათბურე მეურნეობამ“ სასამართლოს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ 2015 წლის დეკემბერში მიმართა. სწორედ ამ პერიოდში შევიდა მართვაში მეურნეობაში ახალი კომპანია.
სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობა საქართველოში“ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებშია დაფინანსებული. სესხის თანხამ 6 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიამ სახსრები სასათბურე მეურნეობის მშენებლობისთვის გამოიყენა.
კომპანიას სასათბურე მეურნეობა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის ტერიტორიაზეც აქვს. Bm.ge-ს ინფორმაციით, სახელფასო დავალიანებები კომპანიას ამ სათბურში მომუშავე პირების წინაშეც აქვს.

























