მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორში ახალი ბიბლიოთეკა აშენდება - ბიუჯეტიდან ₾ 3.5 მლნ დაიხარჯება

6426e4e47a4bd
ნინო ჩიბჩიური
31.03.23 17:45
667
გორში, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში თანამედროვე სტანდარტების მქონე ბიბლიოთეკა აშენდება. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოავლინა, რომელსაც ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 3 548 422 ლარს გადაუხდის. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, სამუშაოებს შპს არმორ გრუპი შეასრულებს, რომელმაც ავანსის სახით, თანხის 30% უკვე მიიღო.



გორის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი სოსიაშვილის განმარტებით, ახალ სივრცეში გათავსდება უნივერსიტეტის წიგნადი ფონდი, სამცნიერო ლიტერატურა და მე-16- მე-17 საუკუნის დაცული მასალები, რასაც უნივერსიტეტი ამ დრომდე ინახავს. მისივე თქმით, სივრცე სხვადასხვა ღონისძიებისა და შეხვედრებისთვისაც იქნება გათვალისწინებული.

"ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურა, სადაც ბიბლიოთეკასთან ერთად არაერთი საინტერესო სივრცე განთავსდება. აქ მოეწყობა პრეზენტაციები, სხვადასხვა ღონისძიებები, ახალგაზრდებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მასწავლებლებისთვის და ა.შ. შეიქმნება ერთგვარი სამუშაო გარემო, რაც ჩვენი ქალაქისთვის დამატებითი რესურსი იქნება საინტერესო სიახლეების გასაზიარებლად" - აღნიშნა bm.ge - სთან საუბრისას გიორგი სოსიაშვილმა.

გორის უნიერვსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია უკვე შემოღობილია და სამუშაოები მალე დაიწყება. დაგეგმილია ასევე ეზოს კეთილმოწყობაც. ხელშეკრულების მიხედვით სამშენებლო სამუშაოები 24 თვეში, 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები