ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველო „ფაიზერის“ მიერ შექმნილ კოვიდ-მედიკამენტს მიიღებს, თუმცა ზუსტი ვადა ჯერ ცნობილი არ არის.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, სულ ოთხი მედიკამენტია დამტკიცებული და მათგან ერთი, "რემდესევირი" ქვეყანაში უკვე არის.
„აშშ-ის მიერ უკვე გამოქვეყნებულია დასკვნა, რაც ეხება ოთხ ყველაზე ეფექტიან მედიკამენტს "ომიკრონის" წინააღმდეგ და მათგან პირველი არის „პაქსლოვიდი“, რომელიც წარმოებულია „ფაიზერის“ მიერ. ამ მედიკამენტს მთელი მსოფლიო იმედით ელოდება, რომ პანდემიას დაამთავრებს. ის უკვე ნებადართულია, თუმცა გაყიდვა არ დაწყებულა. გპირდებით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამას მიიღებს, თუმცა ვადა არ არის ცნობილი, როდის მოხდება ეს. შეიძლება ეს იყოს 3 კვირაში, 6 კვირაში და ა.შ., მაგრამ ერთ-ერთი პირველები ვიქნებით.
მეორე მედიკამენტი არის - „რემდესევირი“, ამ მედიკამენტს საქართველო იყენებს ძალიან ეფექტიანად; აღმოჩნდა, რომ ომიკრონის დროს ძალიან ეფექტიანია, როგორც კლინიკაში, ისე ამბულატორიაში დარჩენილ ავადმყოფებზეც. 3-ჯერ გადასხმა 87%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას. "რემდესევირი" გვაქვს საკმარისი რაოდენობით და დღეს გადავწყვიტეთ, რომ შევისყიდით ახალ რაოდენობას, რათა ყველა კლინიკაში დაინერგოს. „პაქსლოვიდთან“ შედარებით ეს მედიკამენტი იაფია, ამიტომ ქვეყანას მძიმე ტვირთად არ დააწვება. ეს კი ხელს შეგვიწყობს, რომ სიკვდილობა შემცირდეს.
მესამე მედიკამენტი არის - მონოკლონურ ანტისხეულებზე დაყრდნობით დამზადებული, რომელიც ჩვენ არ გვაქვს და სავარაუდოდ, არ გვექნება, რადგან ძალიან დეფიციტურია.
მეოთხე მედიკამენტი არის „მონორიპავირი“, რომლის გაყიდვაც ახლა დაიწყო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.