მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გრანტების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების ფასი

გაერთიანებულმა სამეფომ ის საგრანტო წინადადება გააუქმა, რომლებიც მომავალი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. როგორც ბრიტანული მხარე განმარტავს, „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება ჯერ დასრულებული არ არის, შესაბამისად, არ არსებობს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები და ვადები.

"გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს.

სამწუხაროდ, არსებული გაურკვევლობის გამო, გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები. ვწუხვართ, რომ საქართველოში ბოლო მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით, მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია და ასევე არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა.

დიდი ბრიტანეთი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას დიალოგისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და წუხს ამ დაკარგული შესაძლებლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების ობიექტური, პროფესიონალური და გამჭვირვალე მონიტორინგის ხელშეწყობას", - წერს საელჩო.

„გრანტების შესახებ“ კანონი „ქართულმა ოცნებამ“ აპრილში მიიღო. მიღებული ცვლილებებით, მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება აიკრძალა. „ოცნების“ მიერ მიღებული კანონი გრანტის გამცემს (დონორს) ავალდებულებს, რომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს და წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.

გუშინ, 10 ივნისს "ოცნების" დეპუტატმა, თორნიკე ჭეიშვილმა თქვა, რომ ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია გრანტად იქნება მიჩნეული. რა გზით მივდივართ და რა არის კანონში" შეტანილი ცვლილებების ფასი?

სტუმრები: ლევან ნატროშვილი - "სამართლიან არჩევნები“ დირექტორი;

ლია ჩახუნაშვილი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი;

გიორგი დავითური - IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები