მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გრანტების უმრავლესობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიდიოდა, კერძო უნივერსიტეტებზე ცვლილებას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება - ექსპერტი

სტუდენტებიი

განათლების ექსპერტი და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ირინა დარჩია მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი წესი ზღუდავს კონკურენტუნარიანობას და სახელმწიფო უნივერსიტეტებს, კერძოებთან მიმართებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, თუმცა მისი თქმით, სისტემაში ბალანსს უცხოელი სტუდენტების გადანაწილების წესი დაარეგულირებს, რომლის მიხედვით, ეს პრივილეგია კერძო უნივერსიტეტების მხარეს იქნება.

მომავალი წლიდან კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფო გრანტებს ვეღარ მიიღებენ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში კი, ვინც ჩაირიცხება, ყველა უფასოდ ისწავლის. შესაბამისად, არსებული საგრანტო სისტემა აღარ იქნება.

განათლების ექსპერტი "საქმის კურსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა რჩებათ.

“ის ფაქტი, რომ სახელმწიფო გრანტები წავა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად შეიზღუდება კონკურენტუნარიანობა და სახელმწიფო უნივერსიტეტები პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან , მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩვენ ვიცით, რომ უცხოელი სტუდენტების მიღება არსებითად შეეზღუდებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, დარჩებათ გარკვეული გამონაკლისები და ე.ი. უცხოელი სტუდენტები გადავლენ, კერძო უნივერსიტეტებში. სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების თითქოს ერთგვარად ეს დაბალანსება ხდება .

თუმცა მაინც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი რჩება. პირველ რიგში, ჩვენ გვაინტერესებს სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს: იქნება თუ არა შესაძლებლობა, რომ გარდა იმ საბაზო დაფინანსებისა, რაც სავარაუდოდ, სახელმწიფო უნივერსიტეტებს ექნებათ და გარკვეული, ე.წ. უფასო ადგილებისა, რამდენად ექნებათ საშუალება სტუდენტებს, რომ საკუთარი თვითდაფინანსებით სწავლა განაგრძონ სახელმწიფო უნივერსიტეტში? რადგან მთელი რიგი სპეციალობებია, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებშია. თუ ვთქვათ ვერ მოვხვდი კონკურსში, თვითდაფინანსებით შემეძლება თუ არა სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტში - ამ კითხვაზე ჩვენ პასუხი არ გვაქვს.

მთლიანობაში სახელმწიფო გრანტების აბსოლუტური უმრავლესობა მაინც სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიდიოდა და იყო სამი, ოთხი, ან ხუთი კერძო უნივერსიტეტი, უკვე მყარად ფეხმოკიდებული უმაღლესი განათლების ქართულ ბაზარზე, რომელსაც მიჰქონდა გრანტების გარკვეული ნაწილი. შესაბამისად, მთლიანობაში მთელი სისტემა კერძო უნივერსიტეტებისა მაინცდამაინც არ ზარალდება, უმეტესობას არც ჰქონდა ეს სახელმწიფო გრანტები. იმ კერძო უნივერსიტეტებშიც კი, რომელთაც სახელმწიფო გრანტები ჰქონდათ, საგანმანათლებლო პროგრამების გარკვეულ ნაწილს მაინც ვაუჩერის ფასი ჰქონდა. ანუ არ ვიღებდი დაფინანსებას სახელმწიფოსგან ვაუჩერის სახით, მაგრამ მაინც მქონდა სიმბოლური გადასახადი 2250 ლარის სახით“, - ამბობს განათლების ექსპერტი და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ირინა დარჩია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები