ჩაშლილი საგრანტო კონკურსი და უსახსროდ დარჩენილი საზოგადოებრივი ორგანიზაციები - მთავრობის მიერ გამოცხადებული მასშტაბური საგრანტო კონკურსი, რომლის ბიუჯეტიც 20 მილიონამდე ლარს შეადგენდა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩაიშალა. 700 ათას ლარიანი გრანტები საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს უნდა გაეცა - ეს უწყება მთავრობამ გასული წლის აპრილში შექმნა, მას შემდეგ, რაც „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა და ორგანიზაციებს დონერებისგან მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტების მიღება აუკრძალა. ამის მიუხედავად, გასული წლის დეკემბრის შემდეგ გრანტის მართვის სააგენტოს არავითარი აქტივობა არ უფიქსირდება. ორგანიზაციებმა არც ის იციან, გამოცხადდება თუ არა წელს ახალი საგრანტო კონკურსი. საზოგადოებრივი და პროფესიული ორგანიზაციები მთავრობისგან განმარტებას ითხოვენ - რატომ ჩაიშალა ერთადერთი საგრანტო კონკურსი და რა ბედი ეწევა შემოსავლის გარეშე დარჩენილ ორგანიზაციებსა და ამ სექტორში დასაქმებულ ათასობით პროფესიონალს.


































