მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გრანტის მართვის სააგენტოს კონკურსები იქნება გამჭვირვალე - ლევან ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანი

საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ უცხოელი აქტორების მხრიდან, არ ემსახურებოდნენ ეროვნულ მიზნებს, შესაბამისად, შეიქმნა სახელმწიფო გრანტის სააგენტო, - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე მტკიცებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს კონკურსები გამჭვირვალედ ჩატარდება და შერჩეული "საზოგადოებრივი ორგანიზაციები რეალურად მოემსახურებიან ქართველ ხალხს და მათ ინტერესებს".

"პრიორიტეტული მიმართულებებია დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ჯანდაცვა, სპორტი, ახალგაზრდობა. განათლება, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ყველა სხვა ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც თანხვედრაშია სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან", - აცხადებს ჟორჟოლიანი.

სააგენტო "ქართული ოცნების" მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში შექმნა. ახალი სსიპ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის მიზნით შეიქმნა. როგორც ცნობილია, გრანტის მართვის სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება, რითაც სააგენტომ ის ორგანიზაციები უნდა დააფინანსოს, რომელთა "საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან". სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავაა, რომლის ხელფასი თვეში 10 585 ლარი იქნება. 13 მაისს მიღებული მთავრობის განკარგულებით, წელს 8 თვეში სსიპ-ს 510 200 ლარი გამოეყო. აქედან 253 200 ლარი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები