მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გრძელვადიან პერიოდში,კურსის გაურკვევლობა და პოლიტიკური კრიზისი ინვესტორებთან კომუნიკაციას გაართულებს - ორთოიძე

არსი

„არსის“ გენერალური დირექტორი, ბესო ორთოიძე, მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული საგარეო კურსის გაურკვევლობა და პოლიტიკური ვითარება, გრძელვადიან პერიოდში, ინფრასტრუქტურულ სექტორში საინვესტიციო კლიმატს შეამცირებს და ინვესტორებთან კომუნიკაციას გაართულებს. როგორც მან „ანალიტიკას“ ეთერში აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პრობლემები პირდაპირ სამშენებლო სექტორის შედეგებზე ჯერ არ ასახულა, ის პროგნოზირებს, რომ ამ ვითარებას სერიოზული გავლენა ექნება მომავალში.

"12 წელია, ესტონელი პარტნიორები გვყავს. ესტონეთი, [მთავრობამ] დღეს მტრად გამოაცხადა მგონი. რთულია ეგეთი ქვეყნებიდან ინვესტორებს აუხსნა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა, როცა ხედავენ, რომ არჩევნები არ არის აღიარებული, მთავრობას ლეგიტიმაცია არ აქვს, ასანქცირებენ… ფაქტია, რომ დღეს ეს ყველაფერი ციფრებში არ ასახულა, თუმცა მე მჯერა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აზრს მოკლებულია, რომ ცივილურ სამყაროს, ევროპას და ამერიკას მოვწყდეთ და ვთქვათ, რომ განვვითარდებით. ძალიან რთულია, დაარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგადაა; გარდა იმისა, რომ, მათ ჩვენ მიმართ აქვთ ნდობა, სხვა ფაქტორის [პოვნა], რათა დაარწმუნო, რომ აქ ბიზნესის კეთება ღირს, ძალიან რთულია, თუ მოკლევადიან პერიოდში რამე არ შეიცვალა.

საგარეო კურსის გაურკვევლობა გრძელვადიან პრობლემას გამოიწვევს, თუნდაც ვიცოდეთ, რომ ევროპაში აღარ მივდივართ, შეიძლება, ბაზარი გადაეწყოს, ჩვენი გაყიდვების მენეჯერებს სხვა ენის შესწავლა მოუწიოთ, მაგრამ ვინც ამას შეეგუება, გააგრძელებს ჩვეულებრივად. შეიძლება, ეკონომიკური ზრდაც გვქონდეს, პრობლემა კი არ იქნება. მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანია ევროპა და ამ ნაწილშია პროპაგანდა, რომ ეს შემცირდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, სწრაფად გაირკვეს, საით მივდივართ", - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

„არსის“ გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ცალკეული წარმატებებისა, რომლებიც დეველოპერ კომპანიებმა დამოუკიდებლად მიაღწიეს, საქართველომ დაკარგა ის მომენტუმი, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უნდა მოჰყოლოდა.

„პანელურ დისკუსიაზე ვსაუბრობდით, რომ არიან რყევები, მაგრამ ყველა კომპანიას აქვს თავისი წარმატება. თუმცა, როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, იმ შედეგებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში ამას მოჰყვა, ჩვენ არ მივიღეთ. ჩვენი რეალობა ძალიან განსხვავებულია და უნდა ვსაუბრობდეთ, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ეკონომიკა და კერძოდ ჩვენი დარგი. ფაქტია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებიდან აღნიშნული პროცესები შეფერხდა“, - აღნიშნა ბესო ორთოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები