მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრძელვადიანი ხედვის დეფიციტი და ევროპული სტანდარტები - ლევან სილაგავა 2025 წელს აჯამებს

ლევან სილაგავა

2025 წელს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩა მთავრობის მხრიდან მიღებული მოულოდნელი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბიზნესს დაგეგმვის საშუალებას არ აძლევს და ბაზარზე დაძაბულობას ქმნის - ამის შესახებ BMG-სთან "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ლევან სილაგავა საუბრობს.

„ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმვისათვის არსებობდეს გრძელვადიანი ხედვები, მათ შორის მთავრობის გადაწყვეტილებებთან მიმართებით. რაღაც მყისიერი გადაწყვეტილებები ხშირად ძაბავს სიტუაციას და ბიზნესი უბრალოდ ვერ ახერხებს გადაწყობას. კომუნიკაცია ბიზნესსა და მთავრობას შორის ბევრად უფრო აქტიური უნდა იყოს“, - ამბობს ლევან სილაგავა.

მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკა ხშირად დაქსაქსულია სხვადასხვა უწყებებს შორის, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს აჭიანურებს. სილაგავა გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას უფრო კონსოლიდირებული ფორმატი ეკონომიკურ გუნდთან.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია საშუალო რგოლებთან, ზოგჯერ მაღალ ეშელონებთანაც, მაგრამ გვინდა, რომ ეს პროცესი იყოს უფრო კონსოლიდირებული ეკონომიკური გუნდის ყველა მიმართულებასთან ერთად. არის საკითხები, რომლებიც ერთდროულად ეხება ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებს, თუმცა მათთან ერთ ფორმატში ურთიერთობა ვერ ხერხდება. ცალ-ცალკე ურთიერთობის ნაცვლად, მაღალი დონის შეხვედრების მეტი ინტენსივობა გვჭირდება ოპერატიული გადაწყვეტებისთვის“, - განმარტავს სილაგავა BMG-სთან და იმედოვნებს, რომ მომავალ წელს დიალოგი უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე გადაინაცვლებს, რადგან „საშუალო რგოლში ბევრი საკითხი ოპერატიულად და სწრაფად ვერ წყდება“.

მისივე შეფასებით, 2026 წლისთვის დარგის მთავარი ამოცანა სწორედ, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და მთავრობასთან პროგნოზირებადი, სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება იქნება. რადგან, ხორბლისა და ფქვილის სექტორისთვის ევროკავშირი არა მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, არამედ პრაქტიკული გამოსავალია იმ პრობლემებიდან, რომლებიც დარგს წლებია აფერხებს. მისი თქმით, ევროპული სტანდარტების დანერგვა ავტომატურად ნიშნავს გამჭვირვალობას და ხარისხის კონტროლს, რაც დღეს ბაზარზე დეფიციტურია.

„ევროკავშირთან ინტეგრაცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი აწმყოც და მომავალიც. იქიდან გამომდინარე, რომ ცივილური ბაზარი არის ევროკავშირის ბაზარი. ის პრობლემები, რაც ჩვენს დარგშია, ევროკავშირთან [ინტეგრაციის შემთხვევაში] არ გვექნებოდა. იქ ჩამოყალიბებულია სწორი ბაზარი, მათ შორის გამჭვირვალობის, გადაწყვეტილებების მიღებისა და ხარისხის მაჩვენებლების მხრივ“, - აღნიშნავს სილაგავა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) პოტენციალზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც, მისი აზრით, ჯერ კიდევ აუთვისებელია:

„ეს ეხება როგორც იმპორტს, ისე ექსპორტს. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს, აუცილებლად გამოსაყენებელი და ასათვისებელი გვაქვს ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ამას დღეს ვაკეთებთ. ამ პროცესს ალტერნატივა არა აქვს - აუცილებელია ევროკავშირისკენ სწრაფვა და ამ ხელშეკრულების მაქსიმალური გამოყენება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები