განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, ენერგოობიექტების ქონების გადასახადთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეკონომიკის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთან საუბრები გააქტიურდა. GREDA-ში აცხადებენ, რომ ათეულობით შეჩერებული ენერგოპროექტის ფონზე ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება, რომლითაც განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის გარკვეული წილი ადგილობრივ თემში დარჩება. შესაბამისი ცვლილებების მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ თავად ჰესების პროექტების ინვესტორებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან გართულებული კომუნიკაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა რეგიონებში ენერგოპროექტების განხორციელებისას.


































