მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GREDA თვლის, რომ ჰესებისთვის CFD ტარიფი 6,5-დან მინიმუმ 9 ცენტამდე უნდა გაიზარდოს | ჩატარდება თუ არა მესამე CFD აუქციონი?

ენერგეტიკა

“მესამე CFD აუქციონის ჩატარება აუცილებლად დადგება დღის წესრიგში” - GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ არსებული 6.5-ცენტიანი ტარიფი ჰიდროენერგეტიკაში ინფლაციისა და გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე ინვესტიციას ვეღარ აფინანსებს. როგორც მაია მელიქიძემ "საქმის კურსთან" საუბრისას განაცხადა, აუცილებელია მესამე CFD აუქციონის ჩატარება, სადაც ტარიფი, სავარაუდოდ, 9 ცენტამდე უნდა გაიზარდოს.

"ყველაფერს დაეტყო ინფლაცია. ის, რა კალკულაციაც ჰქონდათ გაკეთებული კერძო სექტორის წარმომადგენლებს და ფიქრობდნენ, რომ 7, 10, 12 წელიწადში უზრუნველყოფდნენ მათ მიერ ჩადებული ინვესტიციის ამოღებას, ახლა უკვე ეს მაჩვენებელი 15 წელსაც კი გასცდა. ამიტომ ფასების ზრდამ იმ სამშენებლო მასალებზე, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს ჰიდროგენერაციის თუ მზის ელექტროსადგურების ასაშენებლად, საკმაოდ დიდი ინფლაცია და ფასნამატი გამოიწვია. ამიტომ, ბუნებრივია, მესამე CFD აუქციონის ჩატარების აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში და ამას უბრალოდ ვერ გავექცევით იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელშიც ახლა ვიმყოფებით.

ცოტა რთული სათქმელია [რა უნდა იყოს ტარიფი], სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენც ვახორციელებთ კვლევას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ 15-20 და ზოგიერთ შემთხვევაში 30-პროცენტიან ზრდასაც, დაახლოებით მაღალი ალბათობით 9 ცენტზეც შეიძლება იყოს საუბარი, თუ მეტი არა", - განაცხადა მაია მელიქიძემ "საქმის კურსთან" ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები