e-Consul-ის დამფუძნებელი თინათინ გოგუაძე ამბობს, რომ "მწვანე ბარათის" გათამაშება წელსაც ჩვეულებრივ გაიმართება, თუმცა შესაძლოა მომავალი წლიდან ფასიანი გახდეს.
"მწვანე ბარათის" გათამაშებას ყოველ წელს აცხადებს ამერიკის მთავრობა და შემთხვევითი შერჩევის წესით გამარჯვებულებიც ცხადდებიან. გათამაშება მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანს ამერიკაში ლეგალურად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს საიმიგრაციო ვიზის პროგრამას, რომლის მიზანია, ახალი ტიპის იმიგრანტთა მიღება იმ ქვეყნებიდან, რომელსაც ისტორიულად შეერთებულ შტატებში ემიგრაციის დაბალი მაჩვენებელი აქვს.
"რეგისტრაცია შესაძლოა ფასიანი გახდეს და დიდი ალბათობით ასეც მოხდება ფიქრობენ, რომ ფასი 240$ იქნება. თუმცა წელს მსგავსი არაფერი არ არის, ჩვეულებრივად ისევ უფასო იქნება რეგისტრაცია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ პირადი ინფორმაცია შეივსოს ვებგვერდზე, ვგულისხმობ ოფიციალურ ვებგვერდს და აიტვირთოს ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ფოტო. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენ გვაქვს green card.ge, ასეთი პლატფორმა, სადაც ერთხელ თუ შეავსებ, მომდევნო წლებში პირადი ინფორმაციების შეყვანა აღარ დაგჭირდება, თუ რა თქმა უნდა, რაიმე არ შეიცვალა, მაგალითად, შვილი არ შეგეძინათ, ან არ დაოჯახდით. სხვა შემთხვევაში მხოლოდ ფოტოს გადაიღებ და ატვირთავ. წლის მანძილზე დაახლოებით 55 000 ადამიანი იგებს, ანუ შევსებული აპლიკაციების 1-დან 2%-მდე აქვთ მოგების შესაძლებლობა", - ამბობს გოგუაძე.



























