მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GREEN ENERGY: საქართველოში მასშტაბური მზის სადგურების აშენება უნდა დაიწყოს

5c0dfd6f6dc0b
სალომე ჭიპაშვილი
10.12.18 10:00
3039
რესურსები, რომელთა მარაგიც დედამიწაზე ათასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა, ულევი როდია, მათი ეკონომიური ხარჯვა კი, თანამედროვეობის აქტუალური პრობლემაა. ამ პრობლემის გადაჭრისათვის, ერთ-ერთი მთავარი როლი მზის ენერგიის გამოყენებას ენიჭება. მზის ენერგიას ადამიანი უხსოვარი დროიდან მოიხმარს; მისი სიკეთე, ხშირად, გაუცნობიერებელია. ფაქტი კი ერთია, ერთი დღის განმავლობაში დედამიწაზე დაცემული მზის ენერგიის მოცულობა ათიათასჯერ აღემატება შეშის, ნახშირის, ნავთობისა და გაზის ფორმით მოხმარებულ ენერგიას. მზის ენერგია ჩვენი პლანეტის ე.წ. „განახლებად ენერგეტიკულ რესურსს“ მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგიის ეს სახე, ყველა სხვა ტრადიციული წყაროსგან განსხვავებით, პრაქტიკულად, ამოუწურავია.

საქართველოში ენერგიის დამოუკიდებელი წყაროს ქონა ნამდვილად იშვიათი მოვლენაა, თუმცა ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, მასზე მოთხოვნის ზრდაც შეინიშნება, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა სერვისზეც.

BM.ge იმ კომპანიას გაგაცნობთ, რომელიც არცისე დიდი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა მწვანე ენერგიის კუთხით, ლიდერი პოზიციები უკავია.
GREEN ENERGY არის კომპანია, რომელიც შესაბამისი მომსახურების გაწევასთან ერთად, ცდილობს საზოგადოების ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებასა და მათთვის ენერგიის ალტერნატიული წყაროს მნიშვნელობის გაცნობას.

ხოლო თუ როგორია ამ სფეროს აწმყო და მომავალი, ამ დეტალებზე BM.ge კომპანია GREEN ENERGY-ს დამფუძნებელს დავით შვანგირაძეს ესაუბრა.

- ბატონო დავით, როდის და რატომ გაგიჩნდათ ამ ბიზნესის გაკეთების იდეა?

- 2011 წლიდან დავინტერესდი ამ ბიზნესით. მაგისტრატურა, განახლებადი ენერგიის კუთხით, ტექნიკურ უნივერსიტეტში დავამთავრე. უკვე 2017 წელს გადავწყვიტე, გადავრთულიყავი მზის ენერგიის განვითარებაზე. საქართველოში დავაფუძნე კომპანია, სახელწოდებით GREEN ENERGY, თუმცა ერთი წელი ბაზარს ვსწავლობდი. სიმართლე რომ გითხრათ, ქართულ ბაზარზე, ამ სფეროში ენთუზიაზმზე შექმნილი კომპანიები ოპერირებენ. დღეს განახლებადი ენერგია, როგორც ბიზნესი, არ არის მომგებიანი.

- რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს და რამდენად მოთხოვნადია მზის პანელების დამონტაჟება საქართველოში?

- მომხმარებელს ვთავაზობთ ყველანაირ სერვისს: მზის სადგურების დაპროექტება, მონტაჟი და შემდგომ მონიტორინგი. ასევე ჩვენს მომხმარებელს, რომელიც დღეს ნებისმიერი დანიშნულების შენობას აშენებს, ვეხმარებით რჩევებით, ნახაზებითა და ინფორმაციით, რაც უნდა გაითვალისწინოს და დაამონტაჟოს, რათა, სიტყვაზე 2-3 წლის შემდეგაც, რომ მოინდომოს მზის სადგურის აშენება, უკვე გამზადებული ჰქონდეს საფუძველი. მნიშვნელოვანია, რომ მათ მზის სადგური თავად პროექტის შედგენისას გაითვალისწინონ, რადგან რეალურად რომ ვთქვათ, ელექტროენერგიის გამომუშავების მომავალი სწორედ მზის სადგურებია. მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებლებს ინფორმაცია გასაგებად მივაწოდოთ.

ინტერესი ძალიან დიდია, განსაკუთრებით, რაც ელექტროენერგიის ტარიფები იზრდება და ეს შეუქცევადი პროცესია. ყველაზე მოთხოვნადი დღეს თბილისში არის 5-დან 10 კილოვატამდე სიმძლავრის მზის სადგური, რაც საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის სრულიად საკმარისია. ბოლო 5 თვის განმავლობაში 14 სადგური დავამონტაჟეთ, რომლის საერთო სიმძლავრე 200 კილოვატზე მეტია, რაც ჯამურად გამოდის 280 ათასი კილოვატ/საათი ელექტროენერგია წელიწადში - სწორედ ამდენი უნდა გამოიმუშავონ ამ მზის სადგურებმა ჯამურად. ამ პროექტებს შორის გამოვყოფდი 32 კვტ. სიმძლავრის კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრს (კლინიკა), ამიერკავკასიაში მზის ენერგიაზე მომუშავე პირველ სასტუმროს, სადაც 27კვტ. სიმძლავრის მზის სადგურია დამონტაჟებული, თელავში მდებარე ბიზნესცენტრს, სადაც 45 კვტ. სიმძლავრის მზის სადგური განვათავსეთ და გუდაურში მდებარე სასტუმროს, რომელიც ასევე სრულად მომარაგდება მზის ენერგიით.

- რა ჯდება კომპანია GREEN ENERGY -ის მიერ მზის პანელების მონტაჟი?

ფასი მზის პანელების სიმძლავრეზეა დამოკიდებული. ერთი კილოვატი დაახლოებით, 800 დოლარიდან იწყება. დანადგარებსაც თავისი ფასი აქვს. ჩვენ ყოველთვის მომხმარებლებს იმას ვურჩევთ, რასაც ჩვენ თვითონ ვენდობით, რაც უკვე გამოცდილია და ვიცით, როგორ მუშაობს. საერთაშორისო მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიაზე წელიწადში გვაქვს 1320-დან 1440 მზიან საათამდე, მაშინ როცა გერმანიაში წელიწადში 800 მზიანი საათია, პოლონეთში კი - 950. ჩვენი 1-კილოვატიანი მზის სადგური წელიწადში, საშუალოდ, 1350 კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც სრულიად საკმარისია პატარა ოჯახისთვის. თვეში ოჯახს ექნება, დაახლოებით, 100 -110 კილოვატ/საათი ელექტროენერგია. აქვე უნდა ითქვას, რომ საშუალოდ, ელექტროენერგიის დღევანდელი ტარიფიდან გამომდინარე და ისევ პროექტის სირთულის გათვალისწინებით, სადგურის დამონტაჟებაზე გაწეული ხარჯის უკუგება 7-დან 9 წლის პერიოდში ხდება.

- რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ეს ბიზნესი და რა არის საჭირო ამ სფეროს განსავითარებლად?

- დღეისათვის ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოებაში ინფორმაციის არარსებობაა. ამაზე მეტი საუბარია სჭირო. მაგალითად, ნეტო აღრიცხვის შესახებ ძალიან ბევრმა არ იცის, არ იცის როგორ მუშაობს და გვიწევს სათითაოდ ყველა კლიენტისთვის ცალ-ცალკე ახსნა.

- რას იტყვით მზის პანელების ეკოლოგიურ გავლენაზე, რატომ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება ენერგიის მოპოვების კონკრეტულად ამ გზაზე?

ჩვენ ყველა ინვერტორს თავისი პროგრამა აქვს, რომელიც გვიჩვენებს სხვადასხვა მონაცემებს, თუ რამდენი კილოვატ საათი გამოიმუშავა და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი მონაცემია, რომელიც გვიჩვენებს რამდენი co2 დავზოგეთ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოდის, რომ 1 კილოვატი საათის მზის ენერგია ექვივალენტია 1 ტონა ჰაერის. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტს მზის სადგურს დავამონტაჟებთ, მით უფრო სუფთა ჰაერი გვექნება.

- როგორია GREEN ENERGY-ს სამომავლო გეგმები?

- ჩვენი მიზანია, საქართველოში აუცილებლად დაიწყოს მასშტაბური მზის სადგურების აშენება, ჩვეულებრივად ინდუსტრიული დონის მზის სადგურის. ამჟამად ჩვენ მიწის შერჩევის ეტაპზე ვართ, ეს იქნება გორი-ქარელის ტერიტორიაზე, დავიწყებთ კვლევებს და ერთი წლის განმავლობაში მზის აქტივობას დავაკვირდებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები