კომპანია "გრემის" პროდუქცია ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმსა და ბორჯომშიც გაიყიდება. როგორც მისი დამფუძნებელი გიორგი მაჩაბელი BMG-სთან ამბობს, გაყიდვებისთვის სუპერმარკეტების ჩამონათვალს ქალაქების მიხედვით ეტაპობრივად და მუდმივად აფართოვებენ.
"ცნობადობის გამო იმატებს არსებულ წერტილებში რეალიზაცია (გუდვილი, კარფური, სმარტი რუსთაველზე) და ასევე, ვამატებთ ტურისტულ წერტილებს, როგორიცაა თბილისში ლესელიძე, ნარიყალა, ასევე, მცხეთა, გუდაური, სვანეთი, მარტვილის კანიონი, ამ სეზონზე გავალთ ბათუმის და ბორჯომის მიმართულებითაც", - ამბობს გიორგი მაჩაბელი.
მისი თქმით, ამ დროისთვის დღიურად, მხოლოდ საქართველოს ბაზარზე დაახლოებით საშუალო ზომის შეფუთვის ჩურჩხელას 100-120 ცალს ჰყიდიან. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, “გრემის” პროდუქცია ჯერ ლიტვაში, პოლონეთში, ავსტრიასა და გერმანიაში იყიდება. უახლოეს მომავალში მისი რუსულ და უკრაინულ ბაზრებზე გატანაა დაგეგმილი.
“მომავალ თვეში ვმონაწილეობთ გამოფენაზე ჩინეთში. ირანში ექსპორტი დროებით შეჩერებულია, რადგან ადგილობრივი დისტრიბუტორი ამ ეტაპზე ვერ დავაინტერესეთ”,- ამბობს გიორგი მაჩაბელი და განმარტავს, რომ დამატებითი ბაზრების ასათვისებლად მარკეტინგული ხარჯების საჭიროება დგას რისი შესაძლებლობაც ჯერ არ აქვთ.
“გრემი” ჩურჩხელის წარმოებისთვის ამ დროისათვის თვიურად დაახლოვებით ერთ ტონამდე ყურძნის წვენს მოიხმარს, რაც ძირითადად მათივე მარაგებიდანაა, რომელიც, როგორც თავად განმარტავენ, წლის დასაწყისში დააგროვეს.
"თუმცა, მომავალი თვიდან მიწევს ახალი მარაგის შესყიდვა და უნდა ვთქვა, რომ ქართულ ბაზარზე ქარხნული წესით დამზადებული ყურძნის კონცენტრირებული წვენი საკმაოდ გაძვირდა. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას უცხოური ყურძნის წვენის შეძენა”,- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
საწარმო, რომელშიც ამ დროისთვის მხოლოდ 6 ადამიანია დასაქმებული ფართოვდება. კომპანიის გაფართოვება ახალი პარტნიორების დახამრებით ხდება.
“ამ ეტაპზე გადავდივართ უფრო მოზრდილ საწარმოო ფართში, რაც საშუალებას მოგვცემს მეტი წარმოადობა გვქონდეს. ვცდილობთ არსებული ასორტიმენტის საწარმოო რაოდენობის გაზრდას, თუმცა შემოდგომიდან იგეგმება ახალი პროდუქტის გამოშვებაც. მიმდინარე წლის გეგმაა, გავზარდოთ წარმოების სიმძლავრე და დავიწყთ ექსპორტი რუსეთის და უკრაინის მიმართულებით, რადგან ამ ქვეყნებში ნიმუშებმა კარგი გამოხმაურება გამოიწვია. ასევე, ვცადოთ ექსპორტი ჩინეთში”,- ამბობს გიორგი მაჩაბელი.

























