გრძელი უქმეების შემდეგ კი ხვალ ჩვენს ბიზნეს კალენდარში მნიშვნელოვანი დღეა - 24 ნოემბერს, სასტუმრო პარაგრაფში, საქართველოს უძრავი ქონების ყოველწლიური კონფერენცია, GREMO 2026 გაიმართება! პირველ რიგში, გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენგანს, ჩვენს მაყურებელსა და სექტორის წარმომადგენლებს, ასეთი უპრეცედენტო აქტიურობისა და ინტერესისთვის.
GREMO ტრადიციულად ინარჩუნებს დახურული, B2B ქსელური შეხვედრის ფორმატს, თუმცა წელს კონფერენციისადმი მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და დარბაზში არსებული ყველა ადგილი სრულად შეივსო. მადლობას გიხდით ამ ნდობისთვის, ხოლო იმ დაინტერესებულ პირებს, რომელთა მიღებაც ლიმიტირებული ადგილების გამო ვერ შევძელით, ბოდიშს ვუხდით და ვპირდებით, რომ მომდევნო კონფერენციაზე ბევრად უფრო მასშტაბური ფორმატით დავბრუნდებით. რაც შეეხება ხვალინდელ დღის წესრიგს როგორც მოგეხსენებათ GREMO 2026 სრულად ეძღვნება თბილისის საინვესტიციო პოტენციალს გლობალურ რუკაზე.
კონფერენცია ბაზრის წამყვანი ორგანიზაციების ანალიტიკური პრეზენტაციებით გაიხსნება: „თიბისი კაპიტალი“ საცხოვრებელი უძრავი ქონების ევოლუციასა და ახალ რეალობას მიმოიხილავს, Colliers Georgia დედაქალაქის საინვესტიციო რესურსებსა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადანაწილებას შეაფასებს, ხოლო CMC და CHARTS Pro ერთობლივ მოხსენებას წარადგენენ გლობალური ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების კვეთაზე.
ანალიტიკური ნაწილის შემდეგ, დისკუსია BMG-ის მმართველი პარტნიორის, გიორგი ისაკაძის მოდერატორობით, HARD TALK-ის ფორმატში გაგრძელდება, სადაც ბაზრის ლიდერები — „არქი ჯგუფის“, „ალიანს ჯგუფისა“ და „ბიოგრაფი ლივინგის“ ხელმძღვანელები, პირისპირ შეხვდებიან ეროვნული ბანკისა და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებს.
ამის შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე „კანონმდებლობა და გლობალური მობილობა“, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აკაკი საღირაშვილი გაუძღვება. სპიკერები — „იელთი ჯგუფის“, „სითიზენის“, „თბილისის აკრების“, „ალდაგისა“ და იურიდიული ფირმა BLC-ის წარმომადგენლები — საინვესტიციო კანონმდებლობაზე, „ოქროს ვიზების“ პერსპექტივასა და კაპიტალის ნაკადების მართვაზე იმსჯელებენ.
კონფერენცია ტრადიციული დაჯილდოებით — GREMO Award-ით დასრულდება, სადაც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტი“ „ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის“ სექტორის ოთხ გამორჩეულ წარმომადგენელს გამოავლენს, მათ შორის ორ ნომინაციაში გამარჯვებულებს თავად მოქალაქეების ხმებით გავიგებთ.
ღონისძიების წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“.
გენერალური სპონსორები არიან: „იელთი ჯგუფი“, „თბილისის აკრები“, „ინსტა“, ELTEG, „ბენე კომფორტი“, Greenstone, „ალდაგი“ და BLC. სპონსორები: „ბაუმერი“, „რუმ დეველოპმენტი“, „იდეა დეველოპმენტი“, „ჰანიველ ცემენტი“ და „სიმეტრია“. მხარდამჭერები: Dreamland Development, „ციტადელი“, „ტაქტი სააკაძე“ და „ტასჰაბი“. ღონისძიების ღვინის პარტნიორია კომპანია „ნიმბი“, ხოლო ღონისძიების პარტნიორები არიან CMC, „თიბისი კაპიტალი“ და Colliers Georgia.






























