24 ნოემბერს, სასტუმრო Paragraph-ში უძრავი ქონების სექტორის მთავარი ყოველწლიური კონფერენცია GREMO 2026 გაიმართა. როგორც ღონისძიების თანაორგანიზატორისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის დიდი ინტერესი და ჩართულობა, რომელიც წელს დარბაზში ვიხილეთ: ღონისძიებას 170-ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები პირი - დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები, ინვესტორები, არქიტექტორები, იურისტები და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თემა „კაპიტალის ახალი ჰაბი: თბილისი გლობალურ საინვესტიციო რუკაზე“ გახლდათ, რომელიც „თიბისი კაპიტალისა“ და „კოლიერს ჯორჯიას“ პრეზენტაციებით გაიხსნა. მოკლედ მთავარ მიგნებებზეც გეტყვით - „თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, 2026 წელს თბილისში ტრანზაქციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 10-15%-ით გაიზარდა და 50 500-ს მიაღწია: 17 000 მეორად ბაზარზე, 20 000 რეესტრში დარეგისტრირებულ პირველად გაყიდვებზე, ხოლო 12 900 შიდა განვადებებზე მოდიოდა. 2024 წლიდან ფასების ზრდის ტემპი წლიურ 4-5%-მდე დასტაბილურდა, 2022 წელთან შედარებით კი, ლუქს სეგმენტის გარდა, ფასები 30-45%-ითაა გაზრდილი. მიმდინარე 175 პროექტის საწყისი 61 500 ბინიდან, ამ დროისთვის გასაყიდი მხოლოდ 29% დარჩა, საშუალო ფასი კი კვადრატულ მეტრზე 2 156 დოლარს შეადგენს. მოლოდინებზე საუბრისას აღინიშნა, რომ 2027 წელს გაყიდვების 6-7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, საიდანაც ყოველწლიურად 10 000 ბინაზე საბაზისო მოთხოვნას ურბანიზაცია, ოჯახების დაპატარავება, ტურიზმი, სტუდენტების ნაკადი და 1990 წლამდე აშენებული საცხოვრებელი ფონდის (დაახლოებით 70%) განახლების საჭიროება ქმნის. ამასთან, საერთაშორისო შედარებებში თბილისი დაბალი ფასითა და ამონაგების მაჩვენებლით გამოირჩევა, მშპ-სთან მიმართებით კი ფასის ზრდის რესურსი კვლავ არსებობს. „კოლიერს ჯორჯიამ“ დამატებით აჩვენა, რომ 2026 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით თბილისში 530 პროექტში 5.7 მილიონ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 88 000 ბინა შენდება - 80%-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს. ბინების დაახლოებით 30% მშენებლობის დაწყებამდე იყიდება, 30%-ზე ოდნავ მეტი — პროცესში, ხოლო ახალ პროექტებში გაყიდული ბინების 17% პირველივე წელს ხელმეორედ იყიდება. ბოლო 10 წელიწადში თბილისის მოსახლეობა 20%-ით - 223 000 ადამიანით — გაიზარდა, რაც ძირითადად სამგორზე, საბურთალოზე, დიდ დიღომსა და გლდანზე ნაწილდება. ტრანზაქციებში უცხოელების წილი 11%-ია (6%-დან 2021 წელს), ყველაზე მაღალი წილი კი კრწანისშია (30%); უცხოელები ძირითადად 50-70 კვ.მ საინვესტიციო ბინებს ყიდულობენ და 2024 წლიდან რუსეთის მოქალაქეები პირველ ადგილზე ისრაელის მოქალაქეებმა ჩაანაცვლეს. ტურიზმის ზრდის ფონზე, მოკლევადიანი გაქირავების სეგმენტში შემოსავლიანობითა და დატვირთულობით (79%) ვაკე და მთაწმინდა ლიდერობენ, თუმცა გარეუბნებშიც - დიღომსა და გლდანში ჯავშნები 7-ჯერ გაიზარდა. ამასთან სავაჭრო ქუჩებსა და ოფისებში ვაკანტურობა მცირდება.
კონფერენციის Hard Talk-ის ფორმატში ამ ციფრებზე სექტორისა და რეგულატორის პოზიციები ღიად გაიყო და გადაიკვეთა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხაზი გაუსვა, რომ ბაზარზე ფინანსური ბუშტის ნიშნები არ არსებობს: ლარში გამოხატული ხელფასების ზრდა ბოლო წლებში ფასების ზრდას უსწრებდა, ხოლო ეროვნულ ვალუტაში დათვლილი ფასების წლიური დაახლოებით 5%-იანი ზრდა ინფლაციასა და სამშენებლო ხარჯებს მიჰყვება. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა კი განმარტა, რომ ბოლო 5 წელში ნებართვების რაოდენობა 20-25%-ით შემცირდა, თუმცა ჯამური კვადრატულობა 30%-ით გაიზარდა — რაც პროექტების გამსხვილებასა და მუნიციპალურ პროგრამებს (ავარიული სახლები, დაუმთავრებელი მშენებლობები, კოოპერატივები) უკავშირდება. თავად დეველოპერებმა, „ბიოგრაფი ლივინგმა“, „ალიანს ჯგუფმა“ და „არქიმ“ — აღნიშნეს, რომ ბაზარზე მოთხოვნა მზარდია და უცხოელების წილი ცალკეულ პროექტებში 35-38%-საც აღწევს, თუმცა სექტორში რიგი გამოწვევებია დასაძლევი. ეს გახლავთ მსხვილი კონტრაქტორებისა და კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი, რის გამოც უცხოეთიდან მუშახელის შემოყვანა უკვე დაწყებულია; არაჯანსაღი კონკურენცია და ხარისხის კონტროლის პრობლემა (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით); ასევე დაუმთავრებელი მშენებლობებისგან მყიდველების დაზღვევის მექანიზმების საჭიროება. ამასთან, ხაზი გაესვა იმას, რომ ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაყიდვა, არამედ ჩაბარების შემდგომი მენეჯმენტი, გამოსვლის სტრატეგია და პირდაპირი ავიამიმოსვლა. შეხვედრის მეორე ნაწილში კი პანელური დისკუსია კანონმდებლობასა და გლობალურ მობილობას ე.წ. „ოქროს ვიზების“ პერსპექტივას, საგადასახადო რეზიდენტობასა და კაპიტალის ნაკადების მართვას დაეთმო.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა GREMO 2026-ის დაჯილდოება. სოციალურ ქსელში გამართულ გამოკითხვაში ორ ნომინაციაში გამარჯვებულები თავად ხალხმა გამოავლინა: პრემიუმ კლასის მშენებარე პროექტებში - ინვესტირებისა და შემდგომი გაქირავების მიზნით ყველაზე მიმზიდველად „არსის“ პროექტი „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ დასახელდა; ხოლო უძრავი ქონების გადაყიდვის, ანუ ფლიპინგის მიზნით საუკეთესო კომპანიად ხალხმა უპირობო გამარჯვებულად „არქი ჯგუფი“ გამოავლინა. ჯამურად ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის 4 კომპანია გამოვავლინეთ, აქედან 4 გრემოს გადაწყვეტილებით შეირჩა და ეს პრიზები ბიოგრაფი ლივნიგს ადა თბილისის აკრებს გადაეცათ.
სტუმრები: გუგა კობახიძე - Prospect, CEO;
ირინა კვახაძე - თიბისი კაპიტალის ვიცე პრეზიდენტი






























