კომპანია "გრინსერვის+" თბილისის მერიასა და გამწვანების ტენდერში გამარჯვებულ ესპანურ კომპანია "გარდენიის ცენტრ ლა ენსინაას" ფილიალს, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივის, მიზეზი გამოცდილების არქონაა. მუნიციპალიტეტმა ქალაქის რამდენიმე უბანში ხე-მცენარეების დარგვისა და დეკორატიული გამწვანების მიზნით 4,6 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც ესპანურმა კომპანიამ გაიმარჯვა და მერიას სამუშაოების შესრულებაში 1,1 მილიონით ნაკლები შესთავაზა. ამჟამად ტენდერი შერჩევა/შეფასების სტადიაშია, თუმცა მისმა კონკურენტმა "გრინსერვის+"-მა შედეგები გაასაჩივრა. ის სადაოს ხდის ესპანური კომპანიის გამოცდილებას და ამტკიცებს, რომ არც სამუშაოების შესრულების სპეციფიკის და არც წარმოდგენილი სარეკომენდაციო დოკუმენტაციის მიხედვით, ის ტენდერის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ მის დისკვალიფიკაციას მოითხოვს.
შპს გარდენიის ცენტრი ლა ენსინა-ს ფილიალი, საქართველოში გასული წლის ივნისშია დარეგისტრირებული და მისი დამფუძნებლად ესპანური კომპანია CENTRO DE JARDINERIA LA ENCINA-ა ფიქსირდება.
ტენდერის ფარგლებში კი თბილისის მასშტაბით 19 სახეობის 5900 ერთეული ბუჩქის, 4 სახეობის 1260 ერთეული სუროსა და 12 სახეობის 2650 ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. გამარჯვებულმა კომპანიამ მცენარეების მოვლა-პატრონობაც უნდა უზრუნველყოს.

























