ავტოტექინსპექტირების კომპანია „გრინვეი საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით 26 მომსახურების ცენტრს გახსნის და აღნიშნული ცენტრები მძღოლებს 2019 წლის პირველი იანვრიდან მოემსახურებიან. კომპანია საქართველოში ტექდათვალიერებას ესპანურ „Applus“-თან პარტნიორობით განახორციელებს. პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს ზემოთხსენებული კომპანიების წარმომადგენლებმა ჩაატარეს, ორმხრივი თანამშრომლობის მიზნებსა და უპირატესობებზე გაკეთდა აქცენტი.
„ჩვენი მიზანია საქართველოში „Applus”-თან თანამშრომლობით თანამედროვე ევროპული სტანდარტები დავნერგოთ, შესაბამისად შევქმნათ მსოფლიო გამოცდილებაზე დამყარებული ტექინსპექტირების ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით. „გრინვეი საქართველოს“ მომსახურების უპირატესობა სისწრაფე, სანდოობა, ეკოლოგიური სისუფთავე და უსაფრთხოება იქნება, ხოლო თუ კონკრეტულად სისწრაფესა და მოქნილობაზე ვისაუბრებ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეგრეთწოდებული „მობილური ჯგუფები“, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში მოემსახურებიან დაინტერესებულ მძღოლებს“ - აცხადებს „გრინვეი საქართველოს“ კომერციული დირექტორი თეონა ჭკადუა.
„გრინვეი საქართველო“ საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის გარანტიად „Applus”-თან თანამშრომლობას ასახელებს, რადგან ეს უკანასკნელი ტექდათვალიერების სფეროში მსოფლიოს ლიდერი კომპანიაა და 70 ქვეყანაში ოპერირებს. აგრეთვე მის სახელს უკავშირდება იმ საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, რაც უსაფრთხო და სანდო ტექდათვალიერებისთვის არის აუცილებელი.
„ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავეთ იმაზე, რომ „გრინვეი საქართველოს“ სერვის ცენტრები როგორც ტექნიკურად, ისე ვიზუალურად „Applus”-ის იდენტური ყოფილიყო. ჩვენ ავტოტექდათვალიერების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და ამ გამოცდილებას სრულად ვუზიარებთ ქართული კომპანიის წარმომადგენლებს. მომსახურების ცენტრების მშენებლობა საქართველოში დასრულების ეტაპზეა და ძალიან მალე საპილოტე ტექდათვალიერებასაც განვახორციელებთ“ - განაცხადა „Applus”-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჰანს-იურგენ შიმპგენმა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ქართული კომპანია „გრინვეი საქართველო“ 350-მდე ადამიანს დაასაქმებს, ხოლო ის ვინც, ამ ეტაპზეა შერჩეული, მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე გადამზადდა ესპანეთში. კომპანიაში აცხადებენ, რომ კადრების გადამზადებას ინტენსიური სახე ექნება და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ აქტიურად მოხდება.

























