მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გრიპის შემთხვევები იზრდება - როგორ დავიცვათ თავი საახალწლო პერიოდში?

გრიპი

საქართველოში სეზონური გრიპის გავრცელება მკვეთრად გაიზარდა. ამ ეტაპზე 100 000 მოსახლეზე გავრცელება 300 ერთეულია, რაც 2024 წლის მონაცემებზე მაღალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში A ტიპის გრიპის ორი ქვეშტამი - ე.წ. ჰონგ-კონგის და ღორის გრიპი ცირკულირებს.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე საახალწლო პერიოდში შეკრებების ფონზე ვირუსების გავრცელების მხრივ მომატებულ რისკებზე საუბრობს და მოქალაქეებს

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილების დროს პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

„თუ გადავხედავთ იმ სტატისტიკას, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ნათელია, რომ დეკემბრის ბოლოს, უფრო მეტი გრიპის შემთხვევა გვაქვს, ვიდრე იყო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში.

A გრიპი, რომელიც ახლა დომინირებს ქვეყანაში, წარმოადგენს იმ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 67%-ს, ძალიან მაღალია ეს მაჩვენებელი, ნიშნავს, რომ თუ შარშან გრიპის ასეთი დომინაცია გვქონდა გაცილებით უფრო გვიან, სადღაც თებერვლის დასაწყისისთვის, ახლა უკვე დეკემბრის ბოლოს გრიპის ვირუსი წამყვანია, რასაც რა თქმა უნდა, თავისი გამოვლინებაც მოჰყვება. გამოვლინებაში ვგულისხმობ პირველ რიგში მომართვიანობას. გრიპის დროს აქცენტი ყოველთვის სტაციონარულ დაწესებულებებზეა, ყოველ შემთხვევაში, პედიატრიულ სტაციონარებში. მატება არის, თუმცა ის მაინც ჯდება სეზონური მატების ფარგლებში. თუ ციფრებში ამას გადავიყვანთ, და 100 000 მოსახლეზე დავთვლით 300 ინფიცირებულია.

ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში. ეს მატება გამოიწვია გრიპის გარკვეულმა ვარიანტმა, A გრიპის ვარიანტს ვგულისხმობ, ეს არის H3N2, რომელსაც სხვანაირად ჰონგ-კონგის გრიპს ეძახიან. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ახლა ძირითადად სწორედ ვირუსის ეს ტიპი ცირკულირებს, რომელიც უფრო გადამდებია.

გრიპი დღეს არის ერთადერთი ვირუსი, რომლის საწინააღმდეგო ანტივირუსული ეფექტური საშუალება არსებობს, ასე რომ, აქ დროული მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში, დროული მიმართვიანობა ექიმთან არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ მოსახლეობის იმ ფენებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფებს: ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, აი მათთვის ალბათ დროული ინფორმირება ექიმის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ღია სივრცეებში გრიპის გავრცელების ალბათობა, მინიმალურია. ახალი წლის დღეებში რთულია დახურულ სივრცეში მოხვედრისგან თავის არიდება თუმცა ისევ და ისევ რისკჯგუფებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილებისას, ან თუნდაც სავაჭრო ობიექტებში მოხვედრისას მოსახლეობის ამ ფენამ, აუცილებლად უნდა გამოიყენოს ნიღაბი. ეს იქნება ალბათ ახლა ყველაზე ეფექტური და ყველაზე მარტივი, ხელმისაწვდომი პრევენციის შესაძლებლობა.“ - განაცხადა ჩხაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები