ბაქოდან გროზნოში მიმავალი თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუში ჩამოვარდა. ინფორმაციას უცხოური მედიები ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. ინფორმაციას ყაზახური Tengrinews ადასტურებს.
ავიახომალდი Azerbaijan Airlines-ს ეკუთვნოდა. გროზნოს აეროპორტის ავიარეისების განრიგის მიხედვით J2 8243 ბაქოდან ჩეჩნეთში მოსკოვის დროით 8:20 საათზე უნდა ჩაფრენილიყო. რუსული გამოცემა „რია ნოვოსტის“ გროზნოს აეროპორტში განუცხადეს, რომ ბაქოდან მომავალი თვითმფრინავი ჩეჩნეთის დედაქალაქში ნისლის გამო გადამისამართებული იყო მახაჩყალაში, შემდეგ კი აქთაუში.
აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი Azerbaijan Airlines-ზე დაყრდნობით წერს, რომ ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იყო. მათ შორის არ იყვნენ ბავშვები. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 25 ადამიანი გადარჩა.
წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი ფრინველთა ჯგუფთან შეჯახება იყო. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სპეციალური გამოძიება ჩატარდება.