ვაანონსებთ ღია პლატფორმის შექმნას, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმებს, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა.
ის მოუწოდებს კოლეგებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს, პარტიების წარმომადგენლებს, ინიციატივას შეუერთდნენ.
„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა.
ჩვენი მოვალეობაა ქვეყანა ამ სიტუაციიდან გამოვიყვანოთ და ყველა რესურსი მივმართოთ ამ კრიზისიდან გამოსასვლელად. აქედან გამომდინარე, ვაანონსებთ ღია პლატფორმის შექმნას, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმებს.
მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს, პროდასავლურ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, (განურჩევლად მათი საარჩევნო შედეგებისა) შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში.
პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს:
- პოლიტიკურ აქტორებსა და პარტიებს შორის ძალისხმევის და რესურსების მობილიზაციას;
- ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კოორდინაციას;
- საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან აქტიურ მუშაობას, მიუკერძოებელი და დეტალური გამოძიების ჩასატარებლად, რომელიც გამოააშკარავებს „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული არჩევნების მტკიცებულებებს;
- საზოგადოების ფართო ფენებთან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე კომუნიკაციას.
შემოგვიერთდით, დავუბრუნოთ ქვეყანას ევროპული მომავალი!“, - წერს ხარშილაძე Facebook-ში თავის გვერდზე.