საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ევა ბოჭორიშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული საბანკო რეგულაციების ამოქმედების შესაძლო გავლენა შეაფასა. მისი თქმით, Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ ამ რეგულაციების ამოქმედება საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს დაახლოებით 1.5%-ით შეამცირებს. ევა ბოჭორიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მათ 5.8%-დან 4.3%-მდე შეამცირეს.
“ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს შეამცირებს 5.8%-დან 4.3%-მდე. ჩვენ გავთვალეთ ეს ეფექტი თუ რა ექნება ამას იპოთეკურ ბაზარზე ასევე ეკონომიკაზე. ეკონომიკური ზრდის ამ შემცირების ძირითადი ფაქტორი არის ეს რეგულაცია. ვითვალისწინებთ აგრეთვე საგარეო ფაქტორებიდან მომავალ რისკებს, თუმცა ამ დაკორექტირების მთავარი მიზეზი იქნება რეგულაციები,”- ამბობს ბოჭორიშვილი.
ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციების ამოქმედება გადაავადა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით ამ დროისთვის დებულების გამარტივებაზე მუშაობა მიმდინარეობს. სებ-ში ჯერ არ ამბობენ, როდის ამოქმედდება რეგულაცია. ბანკში არც იმას ამბობენ, რა გახდა რეგულაციების გადავადების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან დაგეგმილი იყო ახალი რეგულაციების ძალაში შესვლა. რეგულაციები სესხების გაცემისას დამეტებით შეზღუდვებს აწესებდა. კერძოდ:
1. იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი;
2. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება;
3. ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი;
4. ნებისმიერი ტიპის სამომხმარებლო სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.
ამასთანავე, წესდებოდა სპეციალური საშემოსავლო ლიმიტები, თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება მიეღო ადამიანს მისი შემოსავლიდან გამომდინარე.
ცვლილებები მიღების შემთხვევაში გავლენას მოახდენს საიპოთეკო ბაზარზე, რადგანაც რეგულაცია ათასობით ადამიანს იპოთეკური სესხის აღებას შეუზღუდავს.