მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

G&T: ტურისტულ სექტორში შემოსავლების ზრდის ტემპის შემცირება ირანიდან ტურისტების კლებას უკავშირდება

5cd531441b3e9
BM.GE
10.05.19 12:00
879
Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის კახა სამყურაშვილის შეფასებით, ტურისტულ სექტორში შემოსავლების ზრდის ტემპის ოთხწლიან მინიმუმზე ჩამოსვლა ირანის ბაზრიდან ტურისტების რაოდენობის შემცირების პროცესს უკავშირდება.

როგორც სამყურაშვილი განმარტავს, ბოლო პერიოდში ქვეყანაში შემოსავლების ზრდა ძირითადად სწორედ ირანის ბაზრის მეშვეობით ხდებოდა.

„ტურიზმის შემოსავლებში კლება რეალურად ამის დამსახურებაა, რადგან რომ შევხედოთ სურათს, არ არის ისეთი სურათი, რომ ქვეყანაში დიდი ტემპით ირანზე მეტად მაღალმხარჯველობითუნარიანი ტურისტები შემოდიან.

დიახ ტურიზმის სექტორში შემოსავლების ზრდა არის, მაგრამ მცირედით, თუმცა ეს შემოსავლების კუთხით სურათს ვერ შეცვლის.

მცირე კლებაც კი, რაც ირანიდან და თურქეთიდან გვაქვს, ძალიან ამცირებს საბოლოო ჯამში შემოსავლების ზრდის ტემპს. ოთხწლიანი მინიმუმის მიზეზი ეს არის, რადგან ძირითადი სტრუქტურა უცვლელია“ - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ასევე კახა სამყურაშვილის შეფასებით, მას წლიურ ჭრილში მაინც პოზიტიური მოლოდინები აქვს და 11.5%-მდე ვიზიტორების ზრდას, ასევე 12%-იანი ტურისტების რაოდენობის ზრდას ელოდება.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტურისტული სექტორის შემოსავლების ზრდის ტემპი ოთხწლიან მინიმუმამდე არის შემცირებული.

სებ-ის მონაცემებით, იანვარ-მარტში საქართველოში უცხოელმა ვიზიტორებმა $578 მილიონი დოლარი დახარჯეს. ეს 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით მეტია. ზრდის ეს ტემპი 2015 წლის მეორე კვარტლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტული სექტორის შემოსავლების ზრდა საშუალოდ 10%-ზე მაღალი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები