"გთავაზობთ, ამ კანონის ამოქმედების ვადა 1 ნოემბრისთვის გადაიტანეთ",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა და საქართველოს მთავრობას კანონის გადავადებისკენ მოუწოდა.
"რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო. პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერმა მოღალატე ეძახა საკუთარი ჯარის წინაშე. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა. ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ „მოდით ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ სხვები დაგიწერენ, ან უცხოელები ან აქაური „ენჯეოები“, წარმოგვიდინეთ და შეიძლება დავფიქრდეთ“ - იფიქრეთ თქვენ და იყავით!. მე ნამდვილად წარმოვადგენ ვეტოს, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და თამაშს არ დავიწყებ. რამე თუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი - ეს არის რომ ხალხში გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს. გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? - თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ პარლამენტში მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ. ან მარტივად, თქვენ თვითონ გადაიტანეთ ამ კანონის ამოქმედების ვადა 1-ელი ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ ვინც მოვა ხელისუფლებაში ის გადაწყვეტს ეს კანონი რუსულია თუ რაღაც სხვა კანონების გადამღერება. ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ ამ თამაშში შევალ და ამ კანონს გავაპატიოსნებ. არა, ეს არის რუსული, დარჩება რუსული და თქვენც ამ კანონთან ერთად", - აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი.