რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ამბროლაურში აეროპორტის ამოქმედებამ ახალი სასტუმროებისა და მარნების ამოქმედებას სტიმული მისცა.
"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა 2 წლის წინ ამბროლაურში. აეროპორტის გახსნამ სტიმული მისცა საოჯახო ბიზნესის განვითარებას რაჭაში. დაახლოებით, 50-მდე საოჯახო ტიპის სასტუმრო და მარანი გაიხსნა და ფუნქციონირებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. ზოგადად, აეროპორტი რაჭის სავიზიტო ბარათი გახდა. მზარდი მოთხოვნა ტურიზმთან დაკავშირებით არის სერიოზული გამოწვევა და ამბროლაურის აეროპორტი მნიშვნელოვანი ობიექტია ამ თვალსაზრისით",- აცხადებს გუბერნატორი.

























