ქვეშეთი-კობის ახალი გზის შემადგენელი მონაკვეთი გუდაურის დამაკავშირებელი 5-კილომეტრიანი გზა 2025 წელს გაიხსნება - ამის შესახებ აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხში ახალ საგზაო მაგისტრალთან დაკავშირებით.
ქვეშეთი კობის მაგისტრალი 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობას მოიცავს. მათგან პირველია ლოტი 1 - ანუ გვირაბის მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 9 კილომეტრს შეადგენს. მისი მშენებლობა 909 მილიონი ლარი ჯდება. პროექტს China Railway Tunnel group Co ახორციელებს. 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა 2024 წელს დასრულდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ამ მონაკვეთზე არსებული პროგრესი 79%-ია.
მეორე ლოტის სიგრძეა 12.7 კილომეტრი და მისი მშენებლობა 316.7 მილიონი ლარი ჯდება. გზის ეს მონაკვეთი 5 ხიდის და 4 გვირაბის მშენებლობას, ასევე 1 ხიდის რეაბილიტაციას მოიცავს. გვირაბების ზომებია (1541 მ, 194 მ, 388 მ და 299 მ). ამ მონაკვეთზე ხიდების საერთო სიგრძეა 1.6 კილომეტრი, მათგან ერთის სიგრძე იქნება 426 მეტრი, რომლის თაღის სიმაღლეც 166 მეტრი იქნება, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მაღლივი ხიდი იქნება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია 322, 218, 148 და 42 მეტრის ხიდების მშენებლობაც. გზის ამ მონაკვეთს China Railway 23rd Bureau Group-ი აშენებს და მისი პროგრესი ამ დროისთვის 50%-ს შეადგენს.
BMG-იმ გზების დეპარტამენტს ჰკითხა თუ როდის გაიხსნება მთლიანად ქვეშეთი-კობის მაგისტრალი, თუმცა უწყების პასუხში ნათქვამია რომ გუდაურის მისასვლელი გზა 2025 წელს გაიხსნება, ხოლო კითხვაზე თუ როდის გაიხსნება მთლიანად 23-კილომეტრიანი მაგისტრალი უწყების პასუხებში აღნიშნული არაა.