მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გუდაურის პანორამის"და მიმდებარე ტერიტორიის მოიჯარეს ხელშეკრულება შეუწყდა|ყაზბეგის მერი

<iframe src=

“გუდაურის პანორამის” და მიმდებარე ტერიტორიის მოიჯარეს, მოქალაქე ეროსი ელოშვილს ხელშეკრულება შეუწყდა. ამის შესახებ BMG-ის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა კობა გელაძემ განუცხადა.

საქმე ეხება "გუდაურის პანორამას" და ე.წ. გუდაურის გადმოსახედის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია, მაგრამ დასუფთავებას და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საჭიროებს.

ცნობისთვის: ბიზნესრეესტრის თანახმად, 2024 წელს 6,228 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი, სადაც “გუდაურის პანორამა” მდებარეობს, 5-წლიანი აღნაგობის უფლებით მოქალაქე ეროსი ელოშვილს გადაეცა.

მერის თქმით, ამ დროისთვის 30,000 კვადრატული მეტრის ფართობზე მოქმედი არცერთი საიჯარო ხელშეკრულება არ ირიცხება - მოიჯარეების ნაწილთან კონტრაქტს ვადა გაუვიდა, ნაწილთან კი - შეწყდა.

რატომ შეუწყდა ხელშეკრულება ერთ-ერთ მთავარ მოიჯარეს?

კობა გელაძის ინფორმაციით, “გუდაურის პანორამას” და მიმდებარე ტერიტორიის (6,228 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი) მოიჯარეს, მოქალაქე ეროსი ელოშვილს ხელშეკრულება ოფიციალურად, მიმდინარე წლის 21 მაისს შეუწყდა.

მერის განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტის ოფიციალური საფუძველი თავად მოიჯარის მომართვა გახდა, რომლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

“იურიდიული ფორმით ხელშეკრულება შეწყვეტილია. ამჟამად მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები და მიღება-ჩაბარების ეტაპი... გარდა ამისა, მოიჯარეს გაეგზავნა წერილი იმ თანხობრივი და ჯარიმების ვალდებულებების შეხსენებით, რაც მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა,“ - აცხადებს ყაზბეგის მერი.

რამდენი მოიჯარე იყო და რა ფართობზეა საუბარი?

გუდაურის გადმოსახედის მიმდებარე ტერიტორია, ჯამში, 30,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა (თავად ძეგლისა და უშუალო პანორამის ფართობი, დაახლოებით, 6,000 კვ.მ-ია).

მუნიციპალიტეტის ცნობით, აღნიშნული ტერიტორია სულ სამ ნაწილად (სამ მოიჯარეზე) იყო გაყოფილი:

“ერთ ნაწილს ეროსი ელოშვილი ფლობდა (რომელსაც ხელშეკრულება მოთხოვნის საფუძველზე გაუუქმდა); დანარჩენი ორი ნაწილის მოიჯარეებთან საიჯარო ხელშეკრულებას უბრალოდ გაუვიდა და არ განახლებულა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ტერიტორიას არცერთი მოქმედი მოიჯარე არ ჰყავს”, - აღნიშნა მერმა.

როგორ შეირჩევიან ახალი მოიჯარეები?

კობა გელაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები სხვა სახელმწიფო უწყებებთან, თუ რა ფორმით მოხდება ტერიტორიის განვითარება. განიხილება რამდენიმე სცენარი:

  1. სახელმწიფოს ჩართულობა: მერი არ გამორიცხავს, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა ან სახელმწიფო უწყებებმა თავად მოაწესრიგონ მთლიანი ინფრასტრუქტურა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცეს მცირე, ლოკალური იჯარები.
  2. ახალი აუქციონი: მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა უკვე მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა ტერიტორიის იჯარის გაცემისთვის ახალი საბაზრო ღირებულება დაადგინოს.

“თუ კონკრეტულ საკადასტრო კოდზე ინტერესს ორი ან მეტი ფიზიკური/იურიდიული პირისგან დაფიქსირდება, მერია ვალდებულია, გამოაცხადოს ღია აუქციონი. პირდაპირი წესით იჯარის გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მოთხოვნას მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარე წარადგენს (სამხარაულის ბიუროს მიერ დადგენილი ფასით)”, - განმარტა მერმა და იქვე დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში მიიღებენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რათა "გუდაურის პანორამა" ვიზიტორებს მოწესრიგებული ტურისტული ინფრასტრუქტურით დახვდეს.

ყაზბეგის მერის თქმითვე, დაინტერესებულ ბიზნესსუბიექტებს უკვე შეუძლიათ, ტერიტორიის იჯარით აღების წინადადებებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ.

როგორ გამოიყურება "გუდაურის პანორამა" და მიმდებარე ტერიტორია|ფოტო რეპორტაჟი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები