გუდაურის სასტუმროების ნაწილი წყალმომარაგების პრობლემის გამო მუშაობის შეჩერებას არ გამორიცხავს. სასტუმრო "თრუსოს" დამფუძნებელი და გუდაურის ტურიზმის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კარიჭაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას ამბობს, რომ სასტუმროებისთვის წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ამორტიზებული სისტემა და დაზიანებული წყლის შემკრები ნაგებობაა. მისი თქმით, გუდაურის სასტუმროებს წყალმომარაგება პერიოდულად უწყდებათ. ლევან კარიჭაშვილი ამბობს, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდება თებერვალში, როდესაც კურორტზე ყველაზე დიდი დატვირთვაა, სასტუმროების ნაწილს შესაძლოა მუშაობის შეწყვეტა მოუწიოთ. სასტუმრო თრუსოს დამფუძნებელი განმარტავს, რომ წყალმომარაგების პრობლემა გუდაურში წლებია არსებობს, თუმცა მას შემდეგ რაც კურორტს ხელოვნური გათოვლიანების სისტემა დაემატა საკითხი უფრო აქტუალური გახდა.
"გათოვლიანების სისტემა, რომელიც ეფექტურად არ მუშაობს, ჩვენც გვაზარალებს, რადგან წყლის მთელი მარაგი მიაქვს. ან გათოვლიანების სისტემა აღარ უნდა ჩართონ, ან ჩვენ უნდა დავკეტოთ სასტუმროები. შეხვედრები გვქონდა ყველა უწყებასთა., მას შემდეგ რაც შარშან ეს საკითხი გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემას გადაეცა, მეტი პრობლემა შეიქმნა“, - განმარტავს სასტუმრო "თრუსოს" დამფუძნებელი "ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას.