მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გუდაურსა და გოდერძიზე ტურისტული სეზონი 10 დეკემბერს გაიხსნება

5a2be2ea20f49
BM.GE
09.12.17 17:16
1032
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის - ზამთრის ტურისტული სეზონი კურორტებზე ეტაპობრივად, ოფიციალურად გაიხსნება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 10 დეკემბერს ტურისტული სეზონი გაიხსნება გუდაურისა და გოდერძის კურორტებზე. 12 დეკემბერს, ბაკურიანში გაიხსნება დიდველი, ხოლო 23 დეკემბერს კოხტა-მიტარბი. რაც შეეხება სვანეთს, მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე სეზონის გახსნა 17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ 23 დეკემბერს გაიხსნება მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგირო, რომელიც მესტიის ცენტრსა და მთას ერთმანეთთან დააკავშირებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რაც კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან მესტიის ცენტრიდან პირდაპირ საბაგიროთი ჰაწვალის კურორტთან დაკავშირება ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია. მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და მას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერი“ ახორციელებს. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია და ის 6 ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპისაა.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლს Euronews-ის 400 მილიონიანი აუდიტორია ეცნობა. ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლი Euronews-ის მაყურებელს საქართველოს ზამთრის კურორტებს, ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის კულტურას აცნობს. სარეკლამო კამპანია Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პარალელურად, საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ რეკლამას ავრცელებს BBC. საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ტელეკომპანია BBC World News-მა დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი საქართველოს ზამთრის კურორტების, ტურისტული მიმართულებების და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოს შესახებ რეკლამა BBC-ის ისეთ ცნობილ გადაცემებშია, როგორიცაა: The Travel Show, Business Briefing, World Business Report, BBC Business Live, Talking Business, Global, Outside Source. ამ გადაცემების მაყურებლები ძირითადად ბიზნესითა და მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები არიან",- ნათქვამია განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები