მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გუდაურში ახალი საკურორტო ზონის განვითარება 5 წელში დასრულდება და ადგილზე Sheraton-ის სასტუმროები გაიხსნება

576d0a5e7a35e
BM.GE
24.06.16 14:23
1696
კომპანია "რედკო" ახალ გუდაურში საკურორტო კომპლექსის მშენებლობას 5 წელიწადში დაასრულებს.
 
ახალი გუდაურის ტერიტორიაზე დაგეგმილ ამ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“–ში "მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და "რედკოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

პროექტის მიხედვით, "რედკო“ ახალ გუდაურში 50 ჰა მიწაზე 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

"პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს 10 ჰექტარის განაშენიანებას. ამ ეტაპით გათვალისწინებულია 26 ნაგებობის მშენებლობა, რომელიც კურორტს 4200-ზე მეტი დამატებითი საწოლით უზრუნველყოფს. ახალი გუდაურის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით კურორტზე აშენდება რამდენიმე სასტუმრო, აპარტოტელები, თაუნჰაუსები და ვილები, ასევე შეიქმნება დამატებითი დასვენების და გასართობი ინფრასტრუქტურა – ყინულის მოედანი, რესტორნები, გასართობი ცენტრები, სპორტული მოედნები, მაღაზიები, ტენისის კორტები, სპა ცენტრები და კაზინო. ასევე კურორტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ავტოსადგომების სისტემებით", – განაცხადა „რედკოს“ პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ კანადურ კომპანია „ეკოსაინთან“ ერთად გუდაურის განვითარების გენერალური გეგმა შემუშავდა, სადაც „რედკოს“ მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთიც მოხვდა, "შესაბამისად, ეს ტერიტორია არ განვითარდება ქაოტურად და გუდაურში დამატებითი ღირებულება შეიქმნება".

"ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ თუ დღეს მთის კურორტები ჩვენს ეკონომიკაში დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარის გენერაციას ახდენს, შესაძლებელია, ეს თანხა 300 მილიონ დოლარამდე ავიდეს, რაც ინვესტიციებს და ახალი სერვისების მიწოდებას მოითხოვს", – აღნიშნა მინისტრმა.

დღესვე, როგორც "რედკოს“ წარმომადგენელმა განაცხადა, კომპანიამ “Starwood Hotels and Resorts Worldwide”–სგან წინასწარი თანხმობა მიიღო, რომლის მიხედვითაც კურორტზე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების Sheraton და Four Points by Sheraton სასტუმროები გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები