„Inn ჯგუფის“ სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას თქმით, წელს გუდაურში არსებული განთავსების ობიექტებში ფასები 10-20%-ით გაძვირდა. როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, ფასის ზრდის მიუხედავად ჯავშნების რაოდენობა მაღალია და ამ დროისთვის მათი ობიექტის მაგალითზე 80%-ს აღწევს.
„ზამთრის კურორტებზე ტურისტების გეოგრაფია დიდად არ შეცვლილა. ძირითადად ეს არის ისრაელი, ასევე არის ე.წ. გალფის ქვეყნები და ევროპიდან - ლიეტუვა. ისე არ არის რომ ახალი ბაზრები გამოჩნდა. არის ინდოეთი, ჩინეთი, თუმცა ზამთრის კურორტებზე ისინი უფრო ნაკლებად ჩამოდიან.
ევროპიდან არც ზრდაა და არც კლებაა განსაკუთრებული. ზამთარში ლიეტუვა იყო ხოლმე, ზაფხულში უფრო პოლონეთი და ცოტა გერმანია. თუმცა სხვაობაა ის, რომ მასიურად რომ მოდიოდნენ ჯგუფური ტურები, ახლა უფრო ინდივიდუალური მოგზაურები ჩამოდიან.
შარშან დიდი მოთხოვნა იყო ძალიან დაბალ ბიუჯეტურ და 5*-იან სასტუმროებზე, დიდი დანაკლისი განიცადეს საშუალო სეგმენტში მომუშავე განთავსების ობიექტებმა. ჩემი კოლეგები ნაკლებად უსვამენ ხაზს იმას, რომ მთავარი არის რაოდენობა. არ არის ისე, რომ 10 მდიდარი სტუმარი ჯობია 100 საშუალოს, არა, 100 გვირჩევნია რადგან ის დაასაქმებს მაგალითად 100 კაცს, 10 დაასაქმებს 10-ს.
სეზონზე ფასები მომატებულია ყველგან. წელს გუდაურში შედარებით მაღალი ფასები იქნება, საშუალოდ ზრდა 10%-დან 20%-მდეა, ლარებში ეს დაახლოებით 50-60 ლარია ორკაციან ნომერში. ჩვენს სასტუმროში ჯავშნები ამ ეტაპზე უკვე 80%-ია“, - განაცხადა bmg-თან ერეკლე კოკაიამ.




























