თბილისში Rixos ბრენდის სასტუმრო, შესაძლოა, აღარ გაიხსნას და გუდიაშვილის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროს მართვაში სხვა ოპერატორი შევიდეს, - ამის შესახებ bm.ge-ს ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა იციკ მოშემ განუცხადა. მიზეზებზე მოშეს არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში სასტუმრო ოფიციალურად გაიხსნება. ამ ეტაპზე ადგილზე შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მლნ დოლარია. სასტუმრო ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა გახსნილიყო და ის ქართულ-ისრაელური ინვესტიციით შენდება.
სასტუმრო 150 ნომერს გააერთიანებს და მას კომპანია City M აშენებს.
შეგახსენებთ, რომ Rixos-ის ბრენდმა დატოვა ბორჯომში მდებარე სასტუმროც. ბორჯომი-ლიკანის გამოსყიდვა ყაზახური მენეჯმენტისგან ქართულ მხარეს, არსებლი ინფორმაციით 10 მლნ დოლარამდე დაუჯდა.

























