მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუკეშ დომარაჯუ ჭადრაკში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონია

გუკეშ დომარაჯუ მსოფლიოს ჩემპიონია

ინდოელმა თინეიჯერმა გუკეშ დომარაჯუმ 18 წლის ასაკში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ჩინელი დინგ ლირენი დაამარცხა და ჭადრაკის არსებობის მანძილზე ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. აქამდე რეკორდის მფლობელი გარი კასპაროვი იყო, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 1985 წელს, 22 წლის ასაკში მოიპოვა.

გუკეში დიდი ხანია ამ გზისკენ მიდიოდა და სუპერვარსკვლავად ყალიბდებოდა, რისი დასტურიც მის მიერ 12 წლის ასაკში მოპოვებული დიდოსტატის წოდებაა.

აღსანიშნავია, რომ ფინალურ შეხვედრამდე დომარაჯუ მსოფლიო რეიტინგში მეხუთე, ხოლო ინდოეთში მეორე პოზიციას იკავებდა, ამ მიღწევის შემდეგ კი ის რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდება.

“ვუნდერკინდი” ქალაქ ჩენაიდანაა, რომელიც ინდოეთში ჭადრაკის დედაქალაქადაა აღიარებული, რადგან ამ ქალაქში ჭადრაკში უამრავი ეროვნული ჩემპიონია დაბადებული და აღზრდილი.

გუკეშის გამარჯვებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, რომელმაც დომარაჯუს უდიდესი მიღწევა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა:

“ისტორიული და სანიმუშო! ვულოცავ გუკეშს მის ღირსშესანიშნავ მიღწევას. ეს მისი უბადლო ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და ურყევი მონდომების შედეგია” - ნათქვამია ნარენდრა მოდის განცხადებაში.

დომარაჯუ არის მეორე ინდოელი, ვინც ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, უკანასკნელად ასეთი მიღწევა 2012 წელს ვისვანათან ანანდმა დააფიქსირა, რომელიც 5 გზის მსოფლიო ჩემპიონია.

ცნობისთვის, FIDE-ს ჭადრაკის მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი $2,5 მილიონით იყო განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები