EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა საქართველოში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებს აფასებს. მისი თქმით, ურთიერთობა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოს მთავრობასთან ჰქონდა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, გამორჩეული და ნაყოფიერი იყო, რადგან ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას ჰქონდა სტრატეგია და ამ სტრატეგიას თანმიმდევრულად მიყვებოდნენ. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს, ბრუნო ბალვანერას შეფასება ასეთია:
„ჩვენ ძალიან გული გვწყდება რომ ის აღარ არის დღეს ამ თანამდებობაზე, თუმცა ამავდროულად სრულ მზადყოფნაში ვართ ასეთივე წარმატებით ვითანამშრომლოთ ახალ მთავრობასთანაც. მე უკვე შევხვდი ბატონ მამუკა ბახტაძეს და განვიხილეთ ის ძირითადი საკითხები, რომელზეც უნდა გავაგრძელოთ ერთობლივად მუშაობა. ვფიქრობ რომ ყველა ჩვენგანი უნდა ვფოკუსირდეთ ქვეყანაზე, და არა კონკრეტულ პერსონალიებზე", - ამბობს ბალვანერა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორის განმარტებით ყველა ის პროექტი რომელიც ამჟამად ხორციელდება თუ უკვე არის დაგეგმილი EBRD-ის მიერ საქართველოში, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, რადგან როგორც ბალვანერა აცხადებს ევრობანკი მუშაობს საქართველოსთვის და არა რომელიმე ცალკეული ჯგუფისთვის და ადამიანისთვის.