მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გული მწყდება, რომ ჩვენი დიპლომატია უსუსურ მდგომარეობაშია - ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღეს საქართველოს ხელისუფლების დიპლომატია გაჩერებულია და როცა ხელისუფლება მრავალვექტორულ უსაფრთხოებაზე უნდა მუშაობდეს, რეალურად არავის ელაპარაკება.

როგორც ირაკლი ალასანიამ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში თქვა, დღეს საქართველოს დიდი შესაძლებლობა ეძლევა რომ ქვეყნის ინტერესები წინ წავიდეს.

"ჩვენი მასშტაბის ქვეყანას უნდა ჰქონდეს მრავალვექტორული უსაფრთხოება. სტრატეგიულ ურთიერთობაზე უნდა ველაპარაკოთ ამერიკას, ევროპას, თურქეთს და ჩინეთთანაც უნდა გვქონდეს ურთიერთობები. რადგან ჩვენი დერეფანი რომელიც უნდა ამოქმედდეს, რომელიც უნიკალურია და რაც გეოპოლიტიკურ ფასს გვძენს, ამის ამოქმედება იმ შემთხვევაში იქნება თუ ცენტრალური აზიის, ჩინეთის და ევროპის ტვირთები საქართველოზე გაივლის, ამიტომ დღეს დიდი შესაძლებლობა გვეძლევა რომ ჩვენი ინტერესები წინ წავწიოთ.

გული მწყდება, რომ ჩვენი დიპლომატია პრაქტიკულად გაჩერებულია. რეალურად არავის არ ველაპარაკებით, იზოლაციაში ვართ და იზოლაციაში ვრჩებით ერთი-ერთზე რუსეთთან. ერთი-ერთზე რუსეთთან საუბარი ჩვენთვის დამღუპველია. რუსეთი ჩვენი მეზობელია, ამას ვერ გავექცევით, მაგრამ ზურგგამაგრებული უნდა იყო პარტნიორებით, მეგობრებით.

დღეს რომ საქართველოს სუვერენიტეტი აღიარებულია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ეს არის ჩვენი პარტნიორების დამსახურება და მე ვერ ვხდები პოლიტიკას, რომ შენი ტრადიციული პარტნიორების მოძულებით და მათთან ურთიერთობის გაჩერებით, როგორ აძლიერებ საქართველოს უსაფრთხოებას. ამიტომ ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა ჩემთვის სრულიად გაუგებარია.

სწორი შეფასება გააკეთა ბელგიის პრემიერმა - "შენ თუ მაგიდასთან არ ხარ, აღმოჩნდები მენიუში ისე, რომ არავინ არაფერს გკითხავს... ძალიან გული მწყდება, რომ ჩვენი დიპლომატია ასეთ უსუსურ მდგომარეობაშია", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები