შეიძლება ღიად არ დააფიქსირონ, თუმცა დარწმუნებული ვარ, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებსაც მოსწონთ ის, რაც ქალაქში კეთდება - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.
განახლებული მთავრობის დამტკიცების შემდეგ მან პირველი სხდომა გამართა და გუნდის წევრებს მოუწოდა, საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე იზრუნონ.
„მჯერა, რომ ერთად შეგვიძლია გავამართლოთ თითოეული ის იმედი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს და შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს გავეცით. ერთადერთი გუნდი და კანდიდატი ვიყავით, რომელიც კონკრეტულ საქმეებზე საუბრობდა და ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ამ ქალაქის განვითარება. გვაქვს იმის შანსი, რომ ეს 4 წელი სწორად გამოვიყენით ქალაქის მართვისთვის და ძალიან მაგარი პროექტები განვახორციელოთ, ისეთი, როგორიც ამ ქალაქში მცხოვრებ ყველა ადამიანს მოეწონება.
მათაც, ვისაც განსხვავებული შეხედულებები აქვს...შეიძლება ღიად არ დააფიქსირონ თავიანთი შეხედულება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულში ყველას მოსწონს ის, რაც გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში, რადგან ისინიც სარგებლობენ ამ სიკეთეებით, ისინიც გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათი შვილებიც სარგებლობენ განახლებული პარკებით, სკვერებით და ა.შ. ბევრი გვექნება სამუშაო და დიდი ენთუზიაზმით უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქს“, - განაცხადა კალაძემ.