ბათუმში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარე სასტუმრო კომპლექსი „ბულვარ ფოინთი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანია „გუმბათი“ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ „Best Western“-ის პარტნიორი გახდა, რის შედეგადაც კომპლექსი „Best Western Executive Residences“-ის სახელით იქნება წარმოდგენილი.

„Best Western” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სასტუმრო ოპერატორია. 1946 წელს დაარსებული ქსელი, დღეს, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ათასობით ობიექტს აერთიანებს და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ხარისხის, სანდოობის და საერთაშორისო სტანდარტების სიმბოლოდ მიიჩნევა.

საერთაშორისო ბრენდის ქვეშ ოპერირება მომსახურების ერთიანი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, ასევე მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ერთგულ მომხმარებელთან წვდომას, რაც პროექტის საინვესტიციო ღირებულებას ზრდის.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სასტუმრო ბრენდის სტრანდარტებით იფუნქციონირებს. ეს მის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას, საინვესტიციო მიმზიდველობას და გრძელვადიან ღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის“, - აცხადებს კომპანია „გუმბათის“ თანადამფუძნებელი, ლაშა ბალაძე.

„Best Western”-თან პარტნიორობა „გუმბათის“ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და ეხმიანება კომპანიის მიზანს - შექმნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროექტები და განამტკიცოს ბათუმის პოზიციები სტუმარ-მასპინძლობის მსოფლიო რუკაზე.


























