მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუნდური სულისკვეთება ერთი იდეის გარშემო, უსაფრთხო გარემოს წინაპირობა იყო - ინტერვიუ "მონოგრაფის" გენერალურ დირექტორთან

6163d2cd576bb
ინგა მურუსიძე
11.10.21 10:26
2221
ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა კოვიდ-პანდემიის შესახებ სამყარომ არაფერი იცოდა, სასტუმროს ბიზნესი საქართველოში 50 ათასამდე ადამიანს ასაქმებდა, 2021 წლის პირველ კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 30 ათასის ფარგლებში მერყეობს. სტუმარ-მასპინძლობის სექტორმა არაერთი გამოწვევა გაიარა, მათ შორის: სრული ლოქდაუნი, „კომენდანტის საათი“, სოციალური დისტანცირება, დაკეტილი საზღვრები და ტურისტების შეწყვეტილი მიმოსვლა, დახურული რესტორნები და ა.შ. თუმცა მიუხედავად არაერთი სირთულისა, ქვეყანაში ჰოტელიერთა ბიზნესი გადარჩენას და არსებულ სიტუაციაზე მორგებას ცდილობს.

ერთ-ერთი ასეთია სასტუმრო „მონოგრაფი“, რომელიც სწორედ პანდემიის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე, 2020 წლის თებერვალში გაიხსნა, თუმცა მალევე დახურვა მოუწია. „მონოგრაფის“ მენეჯმენტის მონდომების შედეგად, ამჟამად თანამშრომლების 95% ვაქცინირებულია და სასტუმრო მზად არის, სტუმრებს კოვიდ-პანდემიის წესების სრული დაცვით უმასპინძლოს.

არსებული გამოწვევებს, სირთულეებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ bm.ge „მონოგრაფის“ გენერალურ დირექტორს, ნატალია ხატიაშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახსნიდანვე, სამუშაო ადგილების შენარჩუნება იყო და ეს მოახერხა კიდეც:

- უკვე ვიცით, რომ „მონოგრაფი“ პირველად პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის თებერვალში გაიხსნა. მოგიწიათ პანდემიური წლის გავლა. რამდენად რთული იყო თქვენთვის ამ წლის გავლა და რა გამოწვევების წინაშე დადექით?

- სასტუმრო „მონოგრაფი“ თებერვალში გაიხსნა, ხოლო მარტის დასაწყისში ქვეყანამ საზღვრები დახურა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სამუშაო ადგილები და გვეპოვა გზა, თუ როგორ გადაგველახა ეს მძიმე პერიოდი. მოგეხსენებათ, სასტუმრო მონოგრაფში გვაქვს სამი განსხვავებული კონცეფციის F&b სივრცე. მთელი ჩვენი აქტივობები სწორედ მათ გარშემო დაიგეგმა, რომ სრულფასოვნად ემუშავა და შეძლებოდა კადრების შენარჩუნება. ამას კარგად ვუმკლავდებოდით, ვიდრე ნოემბერში ახალი რეგულაციების გამო, სრულად არ მოგვიწია სასტუმროს დაკეტვა.

რამდენიმეთვიანი ჩაკეტვის შემდეგ, საჰაერო სივრცის გახსნასთან ერთად, პირველ მაისს სასტუმრომ განაახლა მუშაობა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია საერთო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და კლავაც ვდგავართ ამ გამოწვევების წინაშე, მაგრამ არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა იმას, თუ როგორ გაერთიანდნენ მსხვილი თუ პატარა კომპანიები ინდუსტრიის საკეთილდღეოდ.

დღეს, როცა ასე თუ ისე ვისწავლეთ პანდემიასთან ერთად თანაცხოვრება, შევეჯახეთ კიდევ ერთ კრიზისს და ეს არის მუშახელის დეფიციტი. ტურიზმში დასაქმებულების დიდ ნაწილს აღარ უნდა ამ სფეროში მუშაობა და ვფიქრობ ,ეს იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა, თუ როგორ აღვადგინოთ მათი ნდობა.

- რა იყო ის ძირითადი პირობები, რის გამოც, სირთულეებთან და გამოწვევებთან გამკლავება მოახერხეთ?

- შეუძლებელია სირთულეებთან ბრძოლა ერთობის განცდის გარეშე, ამ ერთობის თავდაპირველი საფუძველი დამფუძნებლის მიერ გამოცხადებული ნდობა იყო სრული კოლექტივის მიმართ, რაც აისახა თითოეული თანამშრომლის მიმართ დამოკიდებულებაში. თუმცა სწორი მენეჯმენტის და დაგეგმარების გარეშე ვერანაირი ერთობა ვერ მოგვიტანდა ხელმოსაკიდ შედეგს. ეფექტიანი მართვისთვის კომპანიამ შეიმუშავა გახსნის სტრატეგია, მოვახდინეთ არსებული რესურსების ოპტიმიზაცია და თანმიმდევრული გადანაწილება. დღეისთვის ფუნქციონირებს სასტუმროს ოთახები და ერთი სარესტორნო აუთლეტი, სულ მალე სტუმრებს შევთავაზებთ იაპონურ კონცეფციას და მომხმარებლები მალე ისიამოვნებენ ყველასთვის გამორჩეული „სომინის“ ქართული სამზარეულოთი.


- რაც შეეხება დღეს არსებულ პანდემიურ რეალობას. რისი შეცვლა მოგიწიათ კონცეფციაში და როგორ ადაპტირდებით კოვიდ-გარემოსთან?

- როდესაც სარესტორნო სივრცეების მთავარი დატვირთულობის საათები შეზღუდულია, რა თქმა უნდა ამ სფეროში მოღვაწე თითოეული კომპანიისთვის ძალიან რთულია ამ მოცემულობასთან გამკლავება. თუმცა ვიმედოვნებთ რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენით, რაც გულისხმობს აქტიურ ვაქცინაციას, მალე ვიხილავთ შემსუბუქებულ რეგულაციებს.

- როგორც ვიცით, თქვენი გუნდი სრულად ვაქცინირებულია. ხომ არ მოგიწიათ სავალდებულოობის წესის გამოყენება? თუ თანამშრომლების უმრავლესობა თავისი სურვილით აიცრა?

- სასტუმროს მეორედ გახსნის პერიოდში ჩემი მთავარი ამოცანა იყო, მინიმუმამდე დამეყვანა გავრცელების რისკები თანამშრომლებში და შემექმნა უსაფრთხო გარემო თითოეული სტუმარისთვის. გამოწვევას წარმოადგენდა ვაქცინაციის მიმართ უარყოფითად განწყობილი თანამშრომლების დარწმუნება, რომ ეს პროცესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის. თუმცა როდესაც ეპიდსიტუაციის დამძიმების გამო შეფერხდა მუშაობა და შეიქმნა სასტუმროს ფუნქციონირების შეწყვეტის რისკი, გუნდური სულისკვეთება ერთი იდეის გარშემო, იყო წინაპირობა იმისა, რომ შევძელით უსაფრთხო გარემოს შექმნა. დღეს სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ „მონოგრაფის“ თანამშრომლების 95% აცრილია.

- და ბოლოს, რომ გვითხრათ, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ „მონოგრაფისგან“?

- მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მალე ბაზარზე წარვადგენთ ახალ იაპონურ კონცეფციას, რაზეც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა - მისი კერძების ხარისხის და სერვისის დონიდან გამომდინარე, იქნება ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე. ხოლო ერთგული სტუმრებისთვის უკვე ცნობილ რესტორან „სომინიში“ სტუმრობა, სულ მალე იქნება შესაძლებელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თამამად ვაცხადებთ, რომ სასტუმრო „მონოგრაფი“ ნოემბრიდან სრული რესურსით და ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით შეძლებს თქვენს მასპინძლობას.


(R)