Guns N' Roses 30 მაისს, საქართველოს კონცერტს სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში გამართავს. როკ ბენდის კონცერტი შეკვეთილში, ციცინათელას პარკში 16 საათზე გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena აქვეყნებს.
აღსანიშნია, რომ Guns N' Roses-ის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გახდა. როკბენდი შავი ზღვისპირეთში კონცერტს თავისი ტურნეს ფარგლებში გამართავს და ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
Starring Georgia-ს ორგანიზატორმა Black Sea Arena-მ კი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კონცერტის გამართვის შესახებ ინფორმაციას დღეს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია - როდის დაიწყება გაყიდვები.
„30 მაისს საქართველოში როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ბენდი, Guns N' Roses გამართავს კონცერტს.
Guns N' Roses ლოს ანჯელესში დაარსებული როკ ბენდია, რომელიც უკვე 40 წელია როკ მუსიკის ოლიმპოს მთაზე დამსახურებულ ადგილს არავის უთმობს. კლასიკური როკის ჟღერადობის მეტალის ხასიათთან საინტერესო შეზავებით და საოცრად ენერგიული ლაივ შოუების დამსახურებით ამერიკული ბენდი დღემდე არ კარგავს თავის სტატუსს და მნიშვნელობას.
ათეულობით მილიონი გაყიდული ალბომი და მსოფლიოს ყველაზე დიდ სტადიონებსა თუ საკონცერტო დარბაზებში ჩატარებული ტურნეები კიდევ ვერ გამოხატავს იმ მემკვიდრეობას, რომელსაც Guns N' Roses-ის შემოქმედება იტევს. საბედნიეროდ, ამ ყველაფრის ნაწილი მალე საქართველოც გახდება და ეს დიდი ამბების მხოლოდ დასაწყისია.
- ბილეთების Pre Sale მხოლოდ Starring Card-ის მფლობელებისთვის | 18 იანვრის 11:00 საათიდან TKT.ge-ზე
- ბილეთების გაყიდვა | 20 იანვრის 11:00 საათიდან TKT.ge-ზე
- კარების გაღება | 16:00
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით , Starring Georgia გრძელდება. უცვლელი რჩება ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანი: ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას“, - ნათქვამია Starring Georgia-ს Black sea Arena-ს ადმინისტრაციის მეიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობამ და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერების მიზნით, კამპანია Starring Georgia 2023 წელს დააანონსა და წამოიწყო.
სახელმწიფო სუბსიდირებით დაგეგმილ კამპანია Starring Georgia-ზე 2 წლის განმავლობაში - 2023 – 2024 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო. მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ გასულ წელს კონცერტებიდან სახელმწიფო 100 მლნ ლარზე მეტის შემოსავალს ელოდა.




























