მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურამ გურამიშვილმა რუმინელ კოლეგასთან საქართველო-რუმინეთის ნავსადგურებს შორის საბორნე მიმოსვლის შესაძლებლობები განიხილა

647205d755551
BM.GE
27.05.23 17:27
653
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე - გაბრიელ ბუნდუკთან საქართველოსა და რუმინეთის ნავსადგურებს შორის შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები განიხილა. შეხვედრა ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა შავ ზღვაზე ორ ქვეყანას შორის საზღვაო მიმოსვლის უფრო მეტი ინტენსიფიკაციის შესაძლებლობაზე ისაუბრეს, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების განვითარებას საქართველოსა და რუმინეთს შორის, არამედ შეძლებს მოიზიდოს საქართველოზე გამავალ შუა დერეფანში დამატებითი ტვირთები ევროპასა და აზიას შორის.

საქართველოს ეკონომიკის უწყების ცნობით, გურამ გურამიშვილმა რუმინელ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის შესახებ, ასევე ისაუბრა იმ მნიშვნელოვან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ პროცესს. მათ შორის, აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტსა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მან ასევე მადლობა გადაუხადა რუმინეთის დელეგაციის წარმომადგენლებს საერთაშორისო საავტომობილო ნებართვების კვოტის გაზრდისთვის.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო საკითხების განვითარების მიმართულებით.

მინისტერიალის ფარგლებში, გურამ გურამიშვილმა ასევე შეხვედრა გამართა მონღოლეთის დელეგაციასთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები