მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურამიშვილზე აფეთქება სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებულმა გაზდანადგარმა გამოიწვია

5daaaf418a4e5
დავით ჯალაღონია
19.10.19 10:34
2031
„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის ნათია მიქიაშვილის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ კუსტარულად დამონტაჟებულმა გაზდანადგარმა გამოიწვია.

როგორც მიქიაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, ამ კორპუსის სწორედ ის მაცხოვრებელი, რომელსაც აღნიშნული გაზდანადგარი ეკუთვნოდა, „თბილისი ენერჯის“ მიერ იყო გაფრთხილებული, რომ კონკრეტული დანადგარი სიცოცხლისთვის საშიშია.

„აღნიშნულ მისამართზე შემოწმდა ყოველწლიური საბუთები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი შემოწმების ჯგუფი ყოველწლიურად ამოწმებს ნახევარ მილიონ აბონენტს დედაქალაქის მასშტაბით და ამ მისამართზე შემოწმების შედეგად, დადგენილია, რომ არსებობდა კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი, რომელიც ჩაიხსნა და ჩვენი თანამშრომლის მიერ იქნა მითითება დატოვებული საბუთზე, რომ არ შეიძლება ხელმეორედ ამ დანადგარის ხელმეორედ კუსტარულად ჩართვა, რადგან ის იყო სიცოცხლისთვის საშიში.

ჯერჯერობით არ შეგვიძლია ზუსტ მიზეზზე საუბარი, გახდა თუ არა ეს წყალგამაცხელებელი ამ აფეთქების მიზეზი, ამას რამდენიმე დღეში მოგახსენებთ, როცა სპეციალისტები და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები სამუშაოებს დაასრულებენ“, – განაცხადა მიქიაშვილმა და ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ დააზუსტა, რომ „თბილისი ენერჯი“ ფლობს იმ ბინის მფლობელის მიერ ხელმოწერილ საბუთს, სადაც აფეთქება მოხდა, საბუთზე კი წერია, რომ კონკრეტული გაზდანადგარი სიცოცხლისთვის საშიშია.

მიქიაშვილი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ დოკუმენტს, რომელიც „თბილისი ენერჯის“ მიერ ბინაში წყალგამაცხელებლის ჩახსნას ეხება, გაასაჯაროვებს.

ამასთან, „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის განმარტებით, კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარის ჩახსნის შემდეგ, კომპანია მიმდინარე პერიოდში ცდილობდა გადაემოწმებინა, რამდენად შეასრულა აბონენტმა შესაბამისი რეკომენდაცია, არ დაემონტაჟებინა ხელახლა წყლის გამაცხელებელი.

„სწორედ აღნიშნულ აბონენტს ხელმეორე შემოწმება უწევდა ახლახანს, ურეკავდნენ ამ პირს ჩვენი თანამშრომლები გადასამოწმებლად, თუმცა ეს აბონენტი აცხადებდა, რომ არ ცხოვრობდა ადგილზე, მიუხედავად იმისა, რომ გაზის მოხმარება ფიქსირდებოდა“, – განაცხადა მიქიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გურამიშვილის გამზირის 30 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს, დაახლოებით, 08:00 საათზე მოხდა. კორპუსი ევაკუირებულია, ოთხი დაშავებული კი სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 39 წლის მამაკაცს სხეულის 60%–იანი დამწვრობა აღენიშნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები